No description available.საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ბექა გიგაშვილმა სეზონში პირველი ლელო მიითვალა. „ტულონის მარჯვენა ბურჯმა „კლერმონთან“ საშინაო მატჩის 35-ე წუთზე „ვულკანების“ ჩათვლის მოედანი დალაშქრა და თავისი გუნდი დააწინაურა. საბოლოოდ „ტულონმა“ 30:29 მოიგო და კლერმონელებს პრემიალური ქულა გაატანა. გიგაშვილმა პირველიდან 56-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო სტუმართა შორის ზედიზედ მეორე მატჩში 20 წლის გიორგი ძმანაშვილი გამოჩნდა, რომელმაც გასინბინებული პირველხაზელი 34-ე წუთზე შეცვალა, 8 წუთში მოედანი დატოვა, 73-ეზე კი მეორედ ჩაერთო თამაშში და მატჩიც ჩაამთავრა.

ტოპ 14-ის მესამე ტურში ორი ქართული სინბინიც დაფიქსირდა. „ბრივმა“ შინ ჩემპიონ „მონპელიესთან“ ომი ბოლო წუთებში დათმო – 26:31, თუმცა სანუგეშო ბონუსი მაინც მიიღო. ბრიველი ვანო კარკაძე თამაშში 48-ე წუთზე ჩაერთო და 63-ეზე ყვითელი ბარათი „გამოიმუშავა“. ამ მატჩში ორი ბორჯღალოსანი 9 ნომრის უშუალო დუელიც ვიხილეთ. ვასილ ლობჟანიძემ „ბრივში“ კარკაძის გაძევებამდე ითამაშა, ხოლო გელა აფრასიძე „მონპელიეს“ შერკინებას პირველიდან 52-ე წუთამდე მართავდა.

მეორე ქართული სინბინი საფრანგეთის დედაქალაქში დაფიქსირდა: „ბაიონის“ ბორჯღალოსანი მეორეხაზელი კოტე მიქაუტაძე „სტად ფრანსესთან“ მატჩის პირველი ტაიმის ბოლოს გააძევეს. ეს კოტესთვის უკვე მეორე ყვითელი ბარათია ტოპ 14-ის სამ განვლილ ტურში. ის 68-ეზე შეცვალეს, მაგრამ 4 წუთში კვლავ დააბრუნეს თამაშში. მასპინძელთა შორის 52-ე წუთამდე გიორგი მელიქიძემ ითამაშა.

No description available.„ბორდომ“ „კასტრს“ 33:12 მოუგო და დამარცხებულთა შორის 61-ე წუთიდან ლევან ჩილაჩავამ ითამაშა.

„რასინგ-92“-მა „ლიონს“ 32:19 მოუგო. პარიზელთა შორის 58-ე წუთზე გია ხარაიშვილი გამოჩნდა, ლიონელებში კი ბექა საღინაძემ და დავით ნინიაშვილმა შეუცვლელად ითამაშეს.

ბექა გორგაძემაც სრულად ჩაატარა მატჩი „ტულუზის“ წინააღმდეგ, რომელიც მისმა „პომ“ ბრწყინვალედ წარმართა და 26:16 მოიგო. ბასკთა შორის გუნდის ქართველი კაპიტნის გადა კიდევ გურამ პაპიძეც იყო, ვინც 52-ე წუთამდე ითამაშა.

ორშაბათს კი „მიდი ოლიმპიკმა“ უიქ-ენდი შეაჯამა და ტოპ 14-ის სიმბოლურ ნაკრებში ერთბაშად ორი ქართველი შეიყვანა, ორივე – ბეკა. 7 ნომრად საუკეთესოდ გორგაძე დასახელდა, ხოლო 3 ნომრის პოზიციაზე გიგაშვილი გამწესდა.