ელმასი 23 სექტემბერს თბილისში კვარაცხელიას წინააღმდეგ ითამაშებს

დაიწყო სანაკრებო პერიოდი და სერია A-ს ლიდერის „ნაპოლის” საწვრთნელი ცენტრი დაცარიელდა — „აძურის” თხუთმეტმა(!) ფეხბურთელმა მიაშურა თავის ეროვნული გუნდის ბანაკს. ნეაპოლელებიდან ხუთი იტალიის ნაკრებში გაეშურა. ესენი არიან მეკარე ალექს მერეტი, მარჯვენა მცველი ჯოვანი დი ლორენცო, გარემარბი მატეო პოლიტანო და თავდამსხმელები ალესიო ძებრინი და ჯაკომო რასპადორი. ისინი „სკუადრა აძურას” შემადგენლობაში, ერთა ლიგაში, 23 სექტემბერს ინგლისს, ხოლო 26 სექტემბერს უნგრეთს შეხვდებიან. პირველი მატჩი იტალიაშია, ხოლო მეორე უნგრეთში.

ერთა ლიგაზე თამაშობენ „ნაპოლის” დანარჩენი ევროპელი ფეხბურთელებიც.

მარცხენა გარემარბი ელიფ ელმასი ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან ერთად 23 სექტემბერს თბილისში ჩამოვა საქართველოსთან პრინციპულ შეხვედრაში დაპირისპირებისთვის, 26 სექტემბერს კი შინ უმასპინძლებს ბულგარეთს, რომელთანაც საქართველოს მოგებითა და ფრით საქმე მოთავებული აქვს.

ნახევარმცველი სტანისლავ ლობოტკა სლოვაკია და ბედმა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან არგუნა შეჯიბრება: სლოვაკეთი 22 სექტემბერს აზერბაიჯანს, ხოლო 25 სექტემბერს ბელარუსს მასპინძლობს.

პორტუგალიელი მარცხენა მცველი მარიო რუი 24 სექტემბერს ჩეხეთში ითამაშებს, 27 სექტემბერს კი ესპანეთს უმასპინძლებს.

ცენტრალური მცველის ლეო ოსტიგარდის ნორვეგია 24 სექტემბერს ნორვეგიას მასპინძლობს, ხოლო 27 სექტემბერს შვედეთში თამაშობს.

„ნაპოლის” ნახევარდაცვის ერთ-ერთი ლიდერი, პოლონელი პიოტრ ჟელინსკი 22 სექტემბერს ნიდერლანდებს მასპინძლობს, 25-ში კი სტუმრად უელსს დაუპირისპირდება.

ამირ რაჰმანი კოსოვოელი ცენტრალური მცველია, რომელიც თავის ეროვნულ გუნდთან ერთად 24 სექტემბერს ჩრდილოეთ ირლანდიაში ითამაშებს, ხოლო 27 სექტემბერს კვიპროსს უმასპინძლებს.

„ნაპოლიში” ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად მისული და მასავით ძირითადი შემადგენლობის წამყვან ფეხბურთელად დამკვიდრებული ცენტრალური მცველი სამხრეთ კორეელი კიმ მინ-ჯაე 23 და 25 სექტემბერს ამხანაგურ შეხვედრებს ჩაატარებს კოსტა რიკასა და კამერუნთან.

მარჯვენა გარემარბი ირვინგ ლოსანო მექსიკელ თანაგუნდელებთან ერთად ასევე ამხანაგურ შეხვედრებს გამართავს 25 სექტემბერს პერუსა და 28 სექტემბერს კოლუმბიასთან.

ამხანაგურები ელის ურუგვაელ მარცხენა მცველს მატიას ოლივერასაც: 23 სექტემბერს ირანსა და 27-ში კანადასთან.

ხვიჩა კვარაცხელიას კი 23 სექტემბერს შინ ჩრდილოეთ მაკედონასთან აქვს სათამაშო უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში, ხოლო 26 სექტემბერს სტუმრად გიბრალტართან გავა მოედანზე.