Giorgi Mamardashvili of Valencia gestures during the Santander League match between Valencia CF and Girona FC at the Mestalla Stadium on August 14,...გიორგი მამარდაშვილი იმ ფეხბურთელთა შორისაა, რომელიც ბოლო წლებში ელიტურ ფეხბურთში ყველაზე გასაოცრად და თვალისმომჭრელად შემოიჭრა. სულ რაღაც ერთი წლის წინ ქართველი მეკარე „ვალენსიას” შვილობილმა კომპანიამ იჯარის წესით შეიძინა მესამე ლიგაში სათამაშოდ. ის ჩამოვიდა უმნიშვნელო ჩემპიონატიდან და დღეს კონტინენტის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული გოლკიპერია. „მესტალიაზე” მას კონტრაქტი 2017 წლამდე გაუხანგრძლივეს, გამოსასყიდი თანხა კი 20 მილიონიდან 100 მილიონ ევრომდე გაუზარდეს.

„ბედნიერი ვარ „ვალენსიასთან” ახალი ხელშეკრულება რომ გავაფორმე. მსურს როგორც ფეხბურთელი კიდევ გავიზარდო და ვიყო ამ გუნდის, შესანიშნავი პროექტის წევრი”, — გაავრცელა კლუბმა მისი განცხადება.

მამარდაშვილმა სიხარულით გაიხსენა გასული წელი, რომელმაც მისი კარიერა შეცვალა და როდესაც მან ფაქტობრივად დახმარების გარეშე ისწავლა ესპანური. ფეხბურთელმა, რომელიც მეოთხე მეკარიდან „სამეფო თასის” ფინალში „ვალენსიას” კარის მთავარ მცველად იქცა, თქვა: „გასული წელიწადი ჩემთვის საუცხოო იყო. 21 წლისა უკვე ლა ლიგაში ვთამაშობდი. ეს დაუჯერებელი იყო. „სამეფო თასის” ფინალში დავმარცხდით, მაგრამ არაფერი შეცვლილა”.

თბილისის „დინამოსგან” ნაყიდი მეკარე აღფრთოვანდა იმ ატმოსფეროთი, რომელიც მას „მესტალიაზე” დახვდა. ტრიბუნებმა მისი სახელის სკანდირება პირველივე დღიდან დაიწყეს. მამარდაშვილმა თქვა: „მესტალია საოცარია. მომწონს აქაურობა და აქაური ხალხი. ამ სეზონში ახალი მწვრთნელი გვყავს და სტილიც განსხვავებული გვაქვს. ჩვენ გვყავს ახალგაზრდული, მაგრამ უკეთესი გუნდი”.

გახდა რა „ვალენსიას” მნიშვნელოვანი ფეხბურთელი, მამარდაშვილი დამსახურებულ ქებას ისმენს. არ არის შეხვედრა, რომელშიც მისი ჩარევა ქულების მოპოვების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი არ იყოს. ის წაგებულ შეხვედრებშიც კი ბრწყინავს. ეს თამაშები მის მიერ ბრწყინვალედ მოგერიებული დარტყმების წყალობით სანახაობრივი ხდება. თვალსაჩინო იყო ბოლო ორი მატჩი. „რაიო ვალეკანოსთან” მან „ვალენსია” უფრო დიდი ანგარიშით წაგებისგან იხსნა და გუნდს ბოლო წუთებზე მდგომარეობის გამოსწორების შანსი მიეცა. „სელტასთან” კი, 71-ე წუთზე სტრანდ ლარსენს თავური ვარსკვლავურად აუღო და „ვალენსიას” უპირატესობის შენარჩუნების შესაძლებლობა მისცა. ამის შემდეგ გუნდმა 3:0 მოიგო.

საქართველოს ნაკრების მეკარეს ბევრი ძლიერი მხარე აქვს. აღნაგობის (197 სანტიმეტრი) მიუხედავად ის მარტო მაღალ ბურთებს კი არ იგერიებს კარგად, არამედ მოქნილობის წყალობით დაბლაც ჩინებულად თამაშობს. იგი სხარტად წვება მოედანზე, რაც მეკარეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თვისებაა. მის ასაკში ამგვარად თამაშობდნენ ტიბო კურტუა და ჯიჯი დონარუმა. რაც შეეხება ჯენარო გატუზოს ფილოსოფიის მნიშვნელოვან ნაწილს, ფეხით თამაშს, ის მამარდაშვილს ჯერ კიდევ დასახვეწი აქვს.

სხვა მხრივ ქართველი მეკარე გასულ სეზონში შეძენილ გამოცდილებას ახალს ამატებს. გიორგი კარგად გამოაწრთო გასულ სეზონში გარკვეული ხნით სათადარიგოთა სკამზე დასმამ, როდესაც „სევილიასთან” დაშვებული შეცდომების გამო კარში ჯასპერ სილესენი დააბრუნეს. ამ დასვენებამ მას ფსიქოლოგიური სტრესი მოუხსნა, სტრესი, რომელიც ესპანეთის ლა ლიგის დიდ გუნდში უცაბედმა გამოჩენამ გამოიწვია. და საბოლოოდ, მამარდაშვილი კვლავ სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდა.

ვინსენტ ჩილეტი, superdeporte.es