გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” შინ 3:0 მოუგო „სელტას”. გოლები გაიტანეს სამუ კასტილეხომ, მარკოს ანდრემ და ანდრე ალმეიდამ. 59-ე წუთის შემდეგ „ღამურები” რიცხობრივ უპირატესობას ფლობდნენ, რადგან სტუმართა არგენტინელმა ნახევარმცველმა ფრანკო სერვიმ ტიერი კორეიას წინააღმდეგ იუხეშა და წითელი ბარათი მიიღო.

ქართველი გულშემატკივრისთვის ყველაზე საინტერესო გიორგი მამარდაშვილის თამაში იყო, რომლის ორი გამორჩეული ეპიზოდი შეგიძლიათ ქვემოთ, ვიდეოში ნახოთ. დავძენთ ამ ორი მომენტის მნიშვნელოვნებას: პირველ ეპიზოდში მე-16 წუთია, როდესაც ანგარიში გახლდათ 0:0, ხოლო მეორეში 73-ე, როდესაც მასპინძლები 1:0-ს იგებდნენ და გოლის გაშვების შემთხვევაში მათი უპირატესობა იქვითებოდა.

ვერ გეტყვით კარგია თუ ცუდი, მაგრამ გიორგიმ ესპანელები „ვალენსიას” მეკარის კარგ თამაშს ისე შეაჩვია, რომ მის საგანგებო აღნიშვნას პრეს-კონფერენციებსა თუ რეპორტაჟებში საჭიროდ აღარც მიიჩნევენ. იგულისხმება, რომ ეს ასეც უნდა იყოს. აი, ქართველი გოლკიპერის ერთადერთი საყურადღებო შეფასება, რომელიც superdeporte-ს მიმოხილვაში ამოვიკითხეთ: „და შემდეგ იყო „სელტას” მორიგი შეტევა, რომლის წინააღმდეგაც მუდამ საიმედო მამარდაშვილის ჩარევა გახდა საჭირო”.

ამ შეხვედრაში „ჩეების” გუნდში შედგა ცნობილი ურუგვაელი თავდამსხმელის, 35 წლის ედინსონ კავანის დებიუტი, რომელიც ესპანური მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა, მაგრამ საკმაოდ უფერული გამოდგა.