ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზემ” „ლაციოს” ვერ გაუძლო და შინ 0:4 წააგო. „კრემონეზე” სერია A-ში წლეულს დაბრუნდა, ამბიციური რომაელები კი რამდენიმე დღის წინ ევროლიგაში დანიურ „მიდტილანდთან” სტუმრად 1:5 შერცხვნენ, რის გამოც შელახული თავმოყვარეობის დაკმაყოფილება სჭირდებოდათ.
თავიდან შეიქმნა მცდარი შთაბეჭდილება, თითქოს კრემონელები სტუმრებს ტოლს არ დაუდებდნენ, მაგრამ ამ ილუზიას 6-წუთიანი სიცოცხლე ეწერა, მე-7 წუთზე კი ჩირო იმობილემ ანგარიში გახსნა.
21-ე წუთზე იმობილეს საჯარიმოში ლოჩოშვილი აღუდგა. რომაელი ფორვარდის დარტყმული ბურთი ქართველ მცველს ჯერ მკერდში მოხვდა, შემდეგ კი ხელზე. VAR-ის ჩარევის შედეგად მასპინძელთა კარში დაინიშნა პენალტი. იმობილემ მეორე გოლი გაიტანა.
45+2 წუთზე კრემონელთა რუმინელმა მეკარემ იონუტ რადუმ ბურთის წინ გადატანა სცადა, მაგრამ ის მეტოქეს ჩააბარა. „ლაციომ” მასპინძელთა დაბნეულობით ისარგებლა, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩმა მესამე გოლი შეაგდო. სერგეისთვის ხელის შეშლა ბოლო წამს ლოჩოშვილმა სცადა, მაგრამ ვერ შეძლო.
შესვენებისას მასიმილიანო ალვინიმ ქართველი მცველი, რომლის ორივე ეპიზოდს ქვემოთ გთავაზობთ, შეცვალა, თუმცა ამით საქმე ვერ გამოასწორა. სტუმრებმა რამდენიმე აშკარა საგოლე მომენტი გაუშვეს ხელიდან. მეორე ტაიმში მათ მხოლოდ ერთი გოლი შეაგდეს, ეს 79-ე წუთზე გამოცდილმა პედრომ შეძლო, თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ „ლაციოს” ზედმეტი ენერგიის ხარჯვა აღარაფერში სჭირდებოდა.