როდესაც ჩემპიონატის დაწყებიდან მხოლოდ 6 ტურია გასული, სკუდეტო ჰორიზონტზეც არ ჩანს, მაგრამ „მილანი”-„ნაპოლი” სხვა შეხვედრებისგან მაინც განსხვავდება. ამ გუნდებს ცხრილის სათავეში დამკვიდრებისთვის 1980-იანი წლების შემდეგ არ უბრძოლიათ. მაშინ, „როსონერი” ჰოლანდიელი ფეხბურთელების ოსტატობას ეყრდნობოდა, „აძური” კი დიეგო მარადონას ჯადოქრობას.
წინაისტორია. გასულ სეზონში „მილანი” და „ნაპოლი” ერთმანეთს სერია A-ს ლიდერების რანგში ხვდებოდნენ. პირველ წრეში, „სან სიროზე”, ლუჩანო სპალეტის გუნდმა იძალა, სტეფანო პიოლის ბიჭებმა კი სამი უმნიშვნელოვანესი ქულა მეორე წრეში, „მარადონაზე” მოიპოვეს. ორივე თამაში სტუმრების გამარჯვებით 1:0 დამთავრდა. სულ კი ისტორიაში უპირატესობა „მილანისაა”: 169 შეხვედრიდან (152 სერია A-ში და 17 იტალიის თასზე) 67 „როსონერიმ” მოიგო, 50 „ნაპოლიმ”, 52 კი ფრედ დასრულდა. ყურადღების გარეშე არ უნდა დავტოვოთ ის ფაქტიც, რომ მილანში „ნაპოლიმ” ბოლოს 2014 წლის დეკემბერში წააგო. ახლა რაღა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მაშინ „აძურის” ფრანგმა ჟერემი მენესმა და ჯაკომო ბონავენტურამ გაუტანეს — 2:0.
ცოტა გოლი. „მილანისა” და „ნაპოლის” ბოლო სამი შეხვედრა 1:0 დასრულდა, თუმცა ბუქმეიქერები კოეფიციენტების გამოყვანისას ყურადღებას იმაზე ამახვილებენ, რომ სერია A-ს მიმდინარე პირველობაზე „ნაპოლი” ყველაზე შემტევი გუნდია (13 გოლი აქვს გატანილი), „მილანს” კი ცხრილის სათავეში მყოფი სამეულიდან ყველაზე მეტი, 6 გოლი აქვს გაშვებული. ამიტომაც ვარაუდობენ, რომ კვირის შეხვედრაში ერთ გოლზე მეტი გავა.
ვინ გაიტანს გოლს? აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდს მნიშვნელოვანი დანაკლისი ექნება. სპალეტის არ ეყოლება ვიქტორ ოსიმენი, რომელსაც კუნთის სერიოზული პრობლემა აქვს, პიოლის კი რაფაელ ლეაოს გარდა ვერც დივოკ ორიჯი და ანტე რებიჩი დაეხმარებიან. შესაბამისად, კაცი, რომლისგანაც მილანელთა გოლს უნდა ველოდოთ, ფრანგი ვეტერანი ოლივიე ჟირუა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში ზაგრების „დინამოსაც” გაუტანა.
და „ნაპოლის” თავდამსხმელთაგან ვინ გაიტანს? ბუქმეიქერები ვარაუდობენ, რომ ამის ყველაზე მეტი შანსი ჯოვანი სიმეონეს აქვს (კოეფიციენტი 7.00), ხვიჩა კვარაცხელიას ჩინებული სტარტის მიუხედავად 11.0 უწერია.