Ivan Toney got his first England call-up following his fine start to the season
აივან ტონი

ახლოვდება მსოფლიოს ჩემპიონატი. ინგლისის ნაკრების მწვრთნელი გარეთ საუთგეიტი შეშფოთებულია, რადგან მის რამდენიმე ფეხბურთელს პრემიერლიგაში პრაქტიკა აკლია. „სამი ლომის” თავკაცი ამბობს, რომ ბენ ჩილუელის, ლუკ შოუს, ჰარი მაგუაირისა და კევინ ფილიპსის მდგომარეობა იდეალურისგან შორს არის.

ინგლისელებს მუნდიალამდე ორი შეხვედრა აქვთ დარჩენილი, იტალიასა და გერმანიასთან. ბრიტანული პრესა ამ თამაშებს მოსამზადებელს უწოდებს, ოფიციალურად კი ეს გახლავთ ერთა ლიგის A დონის მესამე ჯგუფის ბოლო ორი ტური. საუთგეიტმა ამ მატჩებისთვის 28 ფეხბურთელს უხმო. მათ შორის არის დებიუტანტი — „ბრენტფორდის” თავდამსხმელი აივან ტონი.

საუთგეიტმა თქვა: „სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც თავიანთ კლუბებში მოედანზე საკმარისი რაოდენობის წუთებს ვერ ატარებენ. ასეთი მდგომარეობა იდეალურისგან შორს არის, მაგრამ ჩვენთვის მაინც ყველა ფეხბურთელი მნიშვნელოვანია. თან, ყატარში გამგზავრებამდე ჯერ ბევრი თამაში იქნება”.

ზემოთ ლუკ შოუ ვახსენეთ. ფეხის ტრავმის გამო, მან მიმდინარე სეზონში „მანჩესტერ იუნაიტედის” შემადგენლობაში, სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ორჯერ ითამაშა. კევინ ფილიპსი, რომელიც „მანჩესტერ სიტის” ახალწვეულია, მხრის პრობლემის გამო სულ სამჯერ შევიდა მოედანზე და სამივეჯერ შეცვლაზე. „ჩელსის” მარცხენა მცველი ჩილუელი სასტარტოში ორჯერ იყო, ოთხჯერ კი შეცვლაზე შევიდა.

ჰარი მაგუაირი მართალია „მანჩესტერ იუნაიტედის” კაპიტანია, მაგრამ სასტარტოში ისიც მხოლოდ ორჯერ ათამაშეს. ბოლო შეხვედრაში, ევროლიგაზე, ტირასპოლის „შერიფის” წინააღმდეგ, ის სულაც ბოლო წუთზე შეუშვეს მოედანზე.

საინტერესო ამბავი ხდება დებიუტანტ ტონისთან დაკავშირებით. თუ 26 წლის ფეხბურთელს საუთგეიტი ნაკრებში ათამაშებს, „ბრენტფორდს” მისი წინა კლუბისთვის „პიტერბოროსთვის” 1 მილიონი გირვანქა დამატებით ექნება გადასახდელი.

„მე მას დიდი ხანია ვაკვირდები”, — თქვა საუთგეიტმა.