დავით ხოჭოლავას „კოპენჰაგენს” ჩემპიონთა ლიგაში შინ აგერ უკვე ოთხი თამაშია არ წაუგია. ეს ზოგადად, ძველიდან თუ დავითვლით. მიმდინარე გათამაშებაში კი წუხელ დანიელებმა „სევილიასთან” 0:0 ითამაშეს და G ჯგუფში პირველი ქულა მოიპოვეს.
„კოპენჰაგენმა” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 2016 წლის მერე წლეულს პირველად ითამაშა, ოღონდ ერთი კვირის წინ დორტმუნდში 0:3 წააგო, რასაც ზედ ფანების აყალ-მაყალი დაერთო და უარყოფითი ემოციებისგან თავის დასაღწევად „პარკენ სტადიუმზე” კარგი შედეგი სჭირდებოდა. დიდ გულზე იყო „სევილიაც”, რომელმაც ლა ლიგის ბოლო ტურში „ესპანიოლს” 3:2 მოუგო და პირველი გოლი პირველსავე წუთზე გაუტანა. ესპანური გუნდი ჩემპიონთა ლიგაშიც იმავეს ლამობდა, მაგრამ ივან რაკიტიჩმა ბურთი კარში ძალიან ახლოდან ვერ შეაგდო.
ინიციატივა სტუმრებისა იყო, თუმცა საგოლე მომენტების შექმნა უჭირდათ. ამან „კოპენჰაგენს” სითამამე შეჰმატა. მასპინძლებმა მიმდინარე სეზონში ზედიზედ მესამე საშინაო მატჩის მოგება სცადეს. ჯერ ისაკ ბერგმან იოჰანესონმა საჯარიმოში იხელთა შორიდან ჩაწოდებული ბურთი და სევილიელთა სერბ მეკარეს მარკო დმიტროვიჩს ოსტატობის გამოჩენა აიძულა, შემდეგ კი სწრაფი კონტრშეტევა გოლით ვიქტორ კრისტიანსენს უნდა დაემთავრებინა, მაგრამ 19 წლის მცველია, დაიბნა და ხარიხას გადააცილა.
„კოპენჰაგენმა” მეორე ტაიმშიც შეუტია, თუმცა უშედეგოდ: 20 წლის მოჰამედ დარამი რამდენადაც კარგად შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში, იმდენად საგოლე პასში არ გაუმართლა და სევილიელმა მცველებმა ხიფათი განმუხტეს.
შემდეგ, სტუმრებმა ბურთი „დაიბრუნეს”, მაგრამ ხოჭოლავასა და მისი კოლეგა-მცველების ტერიტორიაზე თავიანთთვის სახეირო ვერაფერი შექმნეს. საბოლოდ, „კოპენჰაგენს” უფრო ხელსაყრელი მომენტები ჰქონდა, თუმცა შეხვედრა ფრედ დასრულდა.