დღეს ჩემპიონთა ლიგაში „რეინჯერსი” ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის” მასპინძლობს. გლაზგოელთა მწვრთნელმა ჯოვანი ვან ბრონკჰორსტმა მატჩისწინა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ამ შეხვედრაში მის განკარგულებაში არ იქნება 35 წლის მეკარე ჯონ მაკლაფლინი და მის ნაცვლად ძელებს შორის 40 წლის ალან მაკგრეგორი იდგება. იმ „რეინჯერსიდან”, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში ბოლოს ანუ 2009 წელს ითამაშა, გუნდში მხოლოდ მაკგრეგორი და 37 წლის ნახევარმცველი სტივენ დევისი არიან დარჩენილები.
„რეინჯერსი” „ნაპოლისთან” შეხვედრას ცუდად ხვდება — ბოლო ორი შეხვედრა 0:4 წააგო. თან როგორი შეხვედრები: ჩემპიონთა ლიგაში „აიაქსთან” და „ოლდ ფირმ დერბი” მთავარ მოქიშპე „სელტიკთან”. ბუნებრივია, გლაზგოელთა გულშემატკივრებს „სისხლი სწყურიათ”.
ჰოლანდიელი მწვრთნელი ამბობს: „ორი კვირის წინ, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში თამაშის უფლება მოვიპოვეთ, ყველა ბედნიერი იყო და ყველას ვუყვარდით. ახლა, უცებ აღმოაჩინეს, რომ თურმე მთელი ორი წელიწადია ცუდად ვთამაშობთ. არადა, არაფერი შემიცვლია. ჩვენ დავმარცხდით ორ ძლიერ გუნდთან ზუსტად იმ მიდგომით, როგორითაც მივაღწიეთ 12 წლის ნანატრ წარმატებას. განა არ შეგვეძლო ამსტერდამში ათი მცველით გვეთამაშა, მაგრამ საკუთარ თავს არ ვუღალატეთ. ვფიქრობ, „აიაქსთან” კარგი გამოცდილება შევიძინეთ, რომელიც „ნაპოლისთან” გამოგვადგება. გუნდი ჩინებულ განწყობაზეა, სერიოზულად მოვემზადეთ და ჩვენი ფეხბურთის საჩვენებლად ვემზადებით. გვაქვს კიდევ ერთი კოზირი: ჩვენი ფანების წინაშე ვთამაშობთ. ერთი სიტყვით, მოედანზე მოსაგებად გავალთ”.
ვან ბრონკჰორსტისთვის აქტუალურია კიდევ ერთი თემა, თუ ვინ ითამაშებს ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე. სქოთური კლუბის თავკაცმა თქვა: „ალფრედო (ბუფალო) მორელოსი ორი კვირის წინანდელზე უკეთეს ფორმაშია. მე ის ფლეი-ოფში, „ეინდჰოვენის” წინააღმდეგ შემადგენლობაში არ დავაყენე და ამან კოლუმბიელზე კარგად იმოქმედა, გამოფხიზლდა. ამიტომაც, ახლა დილემის წინაშე ვდგავარ, ვინ დავასახელო სასტარტო შემადგენლობაში, ის თუ ხორვატი ანტონიო ჩოლაკი?”
შოტლანდიური პრესა ვარაუდობს, რომ ვან ბროკჰორსტი მაინც ჩოლაკს დაეყრდნობა, ხოლო რაც შეეხება მეტოქეს, მისგან „რეინჯერსის” თავკაცი, როგორც ჩანს, ყველაზე მეტად მაინც ხვიჩა კვარაცხელიას უფრთხის.
„მარცხენა გარემარბი რთულად გამოსათქმელი გვარით… ჩვენ მას გასაქანი არ უნდა მივცეთ, რადგან ის სწრაფია, დრიბლინგი ეხერხება, ორივე ფეხით თამაშობს და შეუძლია შეტევა გააგრძელოს როგორც შუაში, ასევე ფრთაზე. ის განსაკუთრებული ფეხბურთელია”, — თქვა ვან ბრონკჰორსტმა”.
„რეინჯერსის” მწვრთნელის ამ ნათქვამით ოსტატურად ისარგებლა „ლა გაძეტა დელო სპორტმა” და წერილს მისი პრეს-კონფერენციის შესახებ ხმამაღალი სათაური დაარქვა: „კვარა, ვან ბრონკჰორსტის კოშმარი”.





