ჩემპიონთა ლიგაში „რეინჯერსისა” და „ნაპოლის” შეხვედრა, რომელიც სამშაბათს, 13 სექტემბერს უნდა გამართულიყო, ოთხშაბათს, 14 სექტემბერს გაიმართება. მიზეზი: გლაზგოში პოლიცია დიდი ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ მეორის გარდაცვალების გამო დაკავებულია, ხალხი არ ჰყოფნის. უეფასთან შეთანხმებით დადგინდა, რომ მატჩს არ დაესწრებიან სტუმარი გუნდის გულშემატკივრები. სამართლიანობის დასაცავად ნეაპოლში, საპასუხო მატჩს არ დაესწრებიან შოტლანდიელები.
„რეინჯერსის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ კლუბს კარგად ესმის, თუ რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს შეხვედრის 24 საათით გადადებას. მაგალითად, საკუთრივ გლაზგოელი გულშემატკივრის ნაწილს, რომელსაც თამაშზე დასასწრებად სამშაბათს ეცალა, ოთხშაბათს შეიძლება აღარ ეცალოს. ასეთ ხალხს ბილეთის ფული დიდი ბოდიშის თანხლებით დაუბრუნდება.
შეხვედრის სამშაბათიდან ოთხშაბათს გადატანა იმით იყო გაპირობებული, რომ დედოფლის ნეშტს შოტლანდიაში სწორედ სამშაბათის ჩათვლით აჩერებენ და მხოლოდ 13 სექტემბრის საღამოს თვითმფრინავით გადაასვენებენ ინგლისში, „ბაკინგემის სასახლეში”.