ხომ გახსოვთ, არცთუ მრავალი წლის წინ აფრიკაში თუ სადღაც უფრო შორს, შამანები, ქურუმები და მსგავსი ტიპები მეტოქე გუნდის მწვრთნელებზე თუ ფეხბურთელებზე რაღაცებს შამანობდნენ, ჯადოქრობდნენ და ათასგვარ ხერხს მიმართავდნენ თავისი სათაყვანებელი გუნდის დასახმარებლად. ანდა აფრიკა და პაპუასები რად გვინდა – ქართულ საფეხბურთო რეალობაშიც იყო მსხვერპლშეწირვის მომენტი, თან ზედ სტადიონის საფეხბურთო კარის ქვეშ…
ჰოდა, რად დაგვჭირდა ეს შესავალი – ის, რაც ბერლინში, ევრობასკეტზე ხდება, ან არანორმალური, უფრო ანომალური და პარანორმალური დამთხვევაა, ან ვიღაც ბერლინელი შამანის ნახელავია. კვირას მერვედფინალების მეორე ოთხეული ტარდება და თუ პირველი მატჩი მეზობლებს – პოლონელებსა და უკრაინელებს შორის პირველების გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 94:86, ყველამ ნორმალურად მიიღო.
შემდეგ პარკეტზე ფინეთი და ხორვატია გავიდნენ და და ბევრისთვის მოულოდნელად, აქ ჩრდილოელებმა მოიგეს, არადა ფინელებს ხომ ლაური მარკანენი ჰყავთ, „იუტა ჯაზის“ ჯადოქარი და ეს გამარჯვება მისმა 43-მა ქულამ განაპირობა.
მაგრამ მთავარი ისაა, რომ ფინეთმა 94:86 მოიგო. ანგარიში წინა მატჩის იდენტური დაჯდა…
აი, მესამე მატჩის მიმდინარეობა, შედეგი და რაც მთავარია, ანგარიში არათუ მოულოდნელი, არამედ ცოტა არ იყოს, საშიშიც კი გამოდგა – 94:86! თანაც იტალიამ სერბეთს მოუგო, იმ სერბეთს, რომელიც ჩემპიონობის ერთ-ერთ უმთავრეს პრეტენდენტად მოიაზრებოდა. მაგრამ ჯანდაბას გამარჯვებულის ვინაობა. ანგარიში ხომ ზედიზედ მესამე მატჩში იგივე დაჯდა – 94:86!
დამთხვევა თუ ჯადო?!