„ვალენსიას” მეკარის, გიორგი მამარდაშვილის მარქაფა ხაუმე დომენეკი სერიოზულად დაშავდა, ჯვარედინი მყესები გაუწყდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სეზონში ის გუნდს ვეღარ დაეხმარება. შეგახსენებთ, რომ ზაფხულში „ღამურებმა” ჰოლანდიურ „ნაიმეგენს” მიჰყიდეს იასპერ სილესენი, რის შემდეგაც თავისთავად ასე დალაგდა: მთავარი მეკარე მამარდაშვილი, მეორე ხაუმე და მესამე კრისტიან რივერო.

იაგო ერერინი

ხაუმე დომენეკის დაშავების შემდეგ გამოდის, რომ მეორე პოზიციაზე რივეროა, რაც გუნდისთვის სარისკო გახლავთ. ის გასულ სეზონში, მეორე წრეში, ესპანეთის მესამე დივიზიონის გუნდ „ალკორკონში” იყო იჯარით გაშვებული და იქაურმა მწვრთნელებმაც კი მხოლოდ სამჯერ ათამაშებს. რაც შეეხება ვალენსიურ გამოცდილებას, რივეროს 2020-21 წლების სეზონში, თასზე, ოთხად ოთხ შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული და სულ ეს არის.

ამრიგად, თუ კლუბის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ მამარდაშვილის შემცვლელად რივეროს დატოვება სახიფათოა და კონკურენტის არყოლა ქართველი მეკარის ყურადღებასაც მოადუნებს, ერთადერთი გზა ახალი გოლკიპერის შეძენაა. ახლა, როდესაც სატრანსფერო ბაზარი დაიკეტა, ერთადერთი გზა თავისუფალი აგენტების ძებნაა.

plazadeportiva-მ მეკარეთა „საწყობში” შეიხედა და ნახა, რომ იქ უგუნდოდ და უკონტრაქტოდ დარჩენილები არიან 29 წლის გერმანელი ლორის კარიუსი, რომელიც ოდესღაც „ლივერპულის” კარს იცავდა, მაგრამ 2018 წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, „რეალთან” ისეთი შეცდომები დაუშვა, რომ მას მერე დაივიწყეს. გადაუხდელობის თუ რაღაც ამგვარი ტექნიკური პრობლემის გამო ქუჩაში დარჩენილი 26 წლის კოლუმბიელი ივან არბოლედა, რომელიც „რაიო ვალეკანოდან” წავიდა და „ნიუელს ოლდ ბოისამდე” ვერ მიაღწია. მისი ტოლი შვეიცარიელი ნოამ ბაუმანი, რომელიც ბოლოს „ლუგანოში” იყო და 34 წლის ბასკი იაგო ერერინი. ერერინმა კარიერა საუდის არაბეთში, კერძოდ „ალ რაედში” თითქოს დაასრულა, მაგრამ, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში ის „ვალენსიას” ბაზაზე მივა და გატუზოს ვარჯიშებში დაეხმარება.

ხაუმე დომენეკს კი „მესტალიაზე” პატივი სცეს და 2025 წლის 30 ივნისამდე გაუფორმეს ახალი ხელშეკრულება.

„ხაუმეს გამო ძალიან ვწუხვარ. ის ჩვენს გასახდელში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. დომენეკი ჩვენთან დარჩება. როდესაც ხაუმე ვარჯიშობს, გრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის ემზადება. ეს სამაგალითოა.

შემდეგ კვირაში ჩვენ შევეცდებით მეკარის პრობლემა მოვაგვაროთ. ვინმე უნდა დავიმატოთ, რადგან სარეზერვო გუნდს ფეხბურთელს ვერ წავართმევთ. მაშინ ის აღმოჩნდება პრობლემის წინაშე”, — თქვა „ჩეების” მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ „რაიო ვალეკანოსთან” დღევანდელი მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე.