ძნელია დაიძინო ღამე, როდესაც „ლივერპულს” ტრიუმფით მოუგებ 4:1-ს: ნეაპოლში ადრენალინის დონე კვლავ მაღალია, ძალიან მაღალი. ისევე როგორც ძველ კარგ დროს ხალხი ახლაც ერთმანეთს ეხუტება და თვალებს იფშვნეტს. ოდინდელი და ახალი მეგობრები, „გომორაში” (იტალიური კრიმინალური სერიალი ნეაპოლის ცხოვრებაზე) მთავარი როლის შემსრულებლები სალვატორე ესპოზიტო და მარკო დ’ამორე პაოლო კანავაროსა და მისი სამწვრთნელო შტაბის წევრთან ჩიკო ტროისესთან (დუბაის „ალ აჰლი”) ერთად „სან პაოლოზე” (დიეგო მარადონას სახელობის სტადიონის ძველი სახელი) ბიჭების შესრულებულ „პოკერს” აგემოვნებდნენ და სტადიონიდან გასვლისას „აძურის” აქებდნენ. ერთადერთი, რაც მათ აინტერესებდათ ოსიმენის ჯანმრთელობა იყო.

ძველი და ახალი. თავდამსხმელებზე თუ ვილაპარაკებთ, ფუორიგროტაში (უბანი, სადაც „დიეგო მარადონა” მდებარეობს) მარტო დრის მერტენსს კი არა, ილ პამპა სოსას ანუ რობერტო კარლოს სოსასაც ნახავდით. გეგონება ოთხშაბათი საღამო ძველი და ახალი ნეაპოლის შეხვედრის ადგილად ქცეულიყო. მოედანზე კი იყო გუნდი, რომელმაც სატრანსფერო ბაზარზე გულშემატკივარი დააეჭვა, მაგრამ სინამდვილეში მომაჯადოებელი გამოდგა. კვარაცხელიამ, რომელიც დღეს სოციალურ ქსელებში ყველაზე პოპულარულია, ფურორი მოახდინა. მან სიმეონეს გოლი გაატანინა და ჩვეულებისამებრ იზეიმა. მეტწილად ის ამას კალათბურთელი სტეფ კარის სტილში აკეთებს.

შურისძიება. ქართველი ამომავალი ვარსკვლავი დე ლაურენტისის მომხრეთა შურისძიების სიმბოლო გახდა. ამ ხალხმა ნამდვილი ომი გამოუცხადა მათ, ვინც კლუბის პოლიტიკას აკრიტიკებდა. ჩვეულებრივი ფოტომონტაჟიც კი სიგიჟემდე მივიდა. „ლივერპულთან” მატჩის შემდეგ ფეისბუქის სხვადასხვა ჯგუფებმა დაპოსტეს სურათი, სადაც ნეაპოლელთა პრეზიდენტს ინგლისის დედოფლის ელისაბედ მეორის ტანსაცმელი აცვია (ეს დედოფლის გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე მოხდა). ამით მონტაჟის ავტორებს უნდოდათ ეჩვენებინათ, თუ ვინ იყო იმ დღეს გვირგვინოსანი.

ბიტლზი. უფრო გასაგები იყო მინიშნება „ბიტლებზე”, ლივერპულელ ოთხეულზე, რომლის სურათზეც ტრადიციული გმირები ჟელინსკის, ანგისას, სიმეონესა და კვარაცხელიას სახეებმა შეცვალეს. „წითლებთან” შეხვედრაში „ნაპოლის” „პოკერი” სწორედ ამ ფეხბურთელებმა უზრუნველყვეს. „მარადონაზე” კი ყველაფერმა მშვიდობით ჩაიარა, მიუხედავად იმისა, რომ თამაშის წინ ლივერპულში შიშობდნენ, რომ ნეაპოლში ინგლისელ გულშემატკივარს საფრთხე ელოდა.

ჯანლუკა მონტი, „ლა გაძეტა დელო სპორტი”