ნიკა კვეკვესკირისა და გიორგი წიტაიშვილის „ლეხი” კონფერენციის თასზე, სტუმრად 3:4 დამარცხდა „ვილიარეალთან”. ესპანური გუნდისთვის ეს ზედიზედ მერვე წაუგებელი შეხვედრა იყო.
„ვილიარეალი” ესპანეთში დაფრინავს. ის ევროპის 15 ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე ლიგის გუნდებიდან ერთადერთია, რომელსაც 2022-23 წლების სეზონში გოლი არ ჰქონდა გაშვებული მაგრამ, მწვრთნელმა უნაი ემერიმ „ლეხთან” შეხვედრაში შემადგენლობა გადაახალისა და… გაუტანა კიდეც მე-2 წუთზე მიხალ სკორაშმა.
მასპინძელთა შეცვლილმა შემადგენლობამ დროულად მოიკრიბა ძალა და 32-ე წუთზე სამუელ ჩუკვუეზემ ეფექტური დარტყმით გაათანაბრა ანგარიში. აქ უნდა ითქვას, რომ პოზნანელები ევროპულ შეჯიბრებაში ჯგუფურ ეტაპზე შორს 2010-11 წლების სეზონის შემდეგ არ გასულან.
პირველ გოლს მასპინძლებმა მეორე მალევე მიაყოლეს. ალექს ბაენამ საჯარიმოს გარედან დაარტყა, ბურთი კი რიკოშეტით შევარდა კარში. მე-40 წუთზე ბაენამ კიდევ ერთი შეაგდო. მან ამ ეპიზოდში ჭკვიანურად ითამაშა.
„ვილიარეალმა” თავის დროებით სახლში, „სიუტატ დე ვალენსიაზე”, სადაც მეტოქეებს მანამდე უმასპინძლებს სანამ „ესტადიო დე ლა კერამიკაზე” სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს, შესვენების შემდეგ უპირატესობა ვეღარ გაზარდა — აისა მანდიმ საჯარიმოში ხელით ითამაშა, რისთვისაც პენალტი დაინიშნა და მიხალ იშაკმა თერთმეტი მეტრიდან სხვაობა შეამცირა.
„ყვითელი წყალქვეშა ნავი” საკუთარ თავს არ ჰგავდა. ის ძალიან განსხვავდებოდა იმ გუნდისგან, რომელმაც გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე იარა. ეს განსაკუთრებით კარგად მაშინ გამოჩნდა, როდესაც სკორაშის და იშაკის კომბინაციის შედეგად სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს. და მაინც, მთელი მატჩის განმავლობაში „ვილიარეალი” უფრო ჰგავდა იმ გუნდს, რომელიც გაიმარჯვებდა: ფრანსის კოკლენმა მორიგი ეფექტური დარტყმით მეოთხე გოლი შეაგდო.
მართალია, „ლეხთან” წვალებით გამარჯვებამ ეჭვქვეშ დააყენა შეხედულება, თითქოს „ვილიარეალი” შეჯიბრების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია, მაგრამ უნაი ემერი წესით მაინც კმაყოფილი უნდა იყოს, რადგან ჯერ ერთი გაიმარჯვა და მეორეც, ფეხბურთელების ნაწილი „ბეტისთან” შეხვედრის წინ დაასვენა.
ნიკა კვეკვესკირი 90-ე წუთზე 22 წლის პორტუგალიელმა ალფონსო სოუსამ შეცვალა, ხოლო წიტაიშვილი მოედანზე 78-ე წუთზე სკორაშის მაგივრად შევიდა.