ჩემპიონთა ლიგაში ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი შედგა. ასეთ დასაწყისზე მხოლოდ თუ იოცნებებდა კაცი. „ნაპოლიმ” თვით ჩემპიონთა ლიგის ბოლო გათამაშების ფინალისტ „ლივერპულს” მოუგო 4:1 და ქართველმა იმ 57 წუთის განმავლობაში, რაც მოედანზე დაჰყო, ჩინებულად ითამაშა. მისი წვლილი „აძურის” წარმატებაში დიდი იყო.
„სანი”: „და კიდევ, მოედანზე იყო ქართველი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია. მან 45 წუთის განმავლობაში დატანჯა ჯო გომესი, რომელიც შესვენებისას ჯოელ მატიპით შეცვალეს”.
„დეილი მეილი”: „ყველა ეჭვი, რომ „ნაპოლი” ამას (ვიქტორ ოსიმენის ვერ გატანილ პენალტს) ინანებდა, მალევე გაქარწყლდა. ვან დაიკმა კარის ხაზიდან გამოიტანა ქართველი ვუნდერკინდის ხვიჩა კვარაცხელიას დარტყმული ბურთი, შემდეგ კი 21 წლისამ, რომლის თამაშსაც აღტაცებული გამოხმაურებები აქვს, მეორე გოლი შექმნა.
ნეაპოლელები მას „კვარადონას” ეძახიან — ამ მხარეში უფრო დიდი კომპლიმენტი არ არსებობს — და 31-ე წუთზე მისმა აფეთქებამ გამოიწვია ის, რომ ზამბო ანგისამ, რომელიც ერთ დროს „ფულემში” თამაშობდა, ალისონს აჯობა და ბურთი ახლო ძელთან შეაგდო.
ორი მალე გახდა სამი, როდესაც კვარაცხელიამ ვერ გაწეულ წინააღმდეგობებს ჩაუცეკვა და მადრიდის „ატლეტიკოს” მწვრთნელის დიეგო სიმეონეს შვილს ჯოვანი სიმეონეს „ნაპოლის” შემადგენლობაში თავისი პირველი გოლი უმარტივესად გაატანინა”.
„გარდიანი”: „ხვიჩა კვარაცხელიამ ანუ იმავე კვარადონამ, როგორც ქართველს ნეაპოლში შთამბეჭდავი სტარტის გამო შეარქვეს, ბურთი დასარტყმელად მიუგორა პიოტრ ჟელინსკის, რომლის დარტყმულიც ჯეიმს მილნერის ხელს მოხვდა და ალისონის კარს აცდა. ამის გამო დაინიშნა ალალი პენალტი, რომელიც ჟელინსკიმ „ლივერპულის” მეკარეს გაუტანა.
…კვარაცხელიამ უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო ფაბინიო, როდესაც მოედნის ცენტრში, ერთ ეპიზოდში სამჯერ მოატყუა…
ოსიმენმა შენელებული ჯო გომესი ჩამოიტოვა და შევარდა საჯარიმოში, სადაც იდგა უმეთვალყურეოდ დატოვებული კვარაცხელია. 21 წლის გარემარბს ნიგერიელმა დაგვიანებული, ცუდი პასი მიაწოდა, რამაც ვან დაიკს ბურთის კარის ხაზიდან გამოტანის შესაძლებლობა მისცა.
მალე გავიდა მეორე გოლი, როდესაც გომესი კვლავ გააწბილეს. ამჯერად ეს გააკეთა კვარაცხელიამ. ზამბო ანგისამ კი ჟელინსკისთან პასები გაცვალა, საჯარიმოში შევარდა ისე, რომ იქ წინააღმდეგობა არ დახვედრია და ალისონს ცივად გაუტანა.
გომესის საშინელი საღამო გაგრძელდა, როდესაც ის კვარაცხელიამ მანევრითაც ჩამოიტოვა და ბრძოლაშიც დაჩაგრა. ქართველმა დიეგო სიმეონეს შვილს ბურთი მიუგორა და მარტივი გოლი გაატანინა”.
ვეტერანი არგენტინელი ფეხბურთელი ესეკიელ (პაჩო) ლავეცი: „დიდებული იყო კვარაცხელია. ბოლოს ის გამოცვალეს, რადგან ცოტა დაიღალა, მაგრამ სანამ მოედანზე იყო, ძალიან ოსტატურად შეუპოვრად თამაშობდა”.