Gennaro Gattuso head coach of Valencia CF looks on prior to the LaLiga Santander match between Valencia CF and Getafe CF at Mestalla stadium,...AS გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიას” მიმოიხილავს. გაზეთი წერს, რომ „ხეტაფესთან” 5:1-ს შესაძლოა ნაღმის აფეთქების ეფექტი ჰქონდა და მთლად ადექვატური შედეგი არ იყო, მაგრამ მას შემთხვევითობას ვერ ვუწოდებთ. ეს გამარჯვება ორთვიანი მუხლჩაუხრელი შრომის შედეგი გახლდათ. ჯენარო გატუზოს პირველივე დღიდან არ დაუმალავს, თუ როგორი ფეხბურთის დამკვიდრება უნდა „მესტალიაზე”. გარდა ამისა, იტალიელმა სრულიად გულწრფელად აღიარა, რომ მუშაობის დაწყებიდან ორ თვეში ასეთ შედეგს არ ელოდა.

ახლა კი „ხეტაფესთან” მოგებული 5:1 გვერდით გადავდოთ და წინა მატჩებს გადავხედოთ. „ჟირონასთან” „ღამურებმა” 1:0 გაიმარჯვეს და სანამ ფეხბურთელს გაუგდებდნენ ბურთის ფლობა ჰქონდათ 60%. „სან მამესზე”, „ბილბაოსთან”, 0:1 წააგეს — ბურთის ფლობის პროცენტი კი იყო 50; შინ, „ატლეტიკოსთან” 0:1 წაგებულ შეხვედრაში „ვალენსიას” ბურთის ფლობის პროცენტი ჰქონდა 70, ხოლო უკვე რამდენჯერმე ნახსენებ „ხეტაფესთან” — 70,1.

აქედან AS ასკვნის, რომ თუკი ლა ლიგაში დღეს ვინმე ტიკი-ტაკას თამაშობს (გაზეთი იყენებს სიტყვას „მეფეა”), ეს „ვალენსია” გახლავთ  —არც ჩავის „ბარსა”, არც პელეგრინის „ბეტისი” და არც ანჩელოტის „რეალი”. ბურთის ფლობაში ყველას გატუზოს გუნდი სჯობს — საშუალოდ 62%.

ლოგიკა ასეთია: იტალიელი თავს ბურთით იცავს. როდესაც მან კლუბს საყიდელი ფეხბურთელების სიაში მცველი არ ჩაუწერა, ყველა გაოცდა, მაგრამ ფაქტია, რომ გატუზოსთვის საუკეთესო თავდაცვა ბურთის კონტროლია.

„ჩეებს” შემდეგი თამაში შაბათს, 10 სექტემბერს, სტუმრად აქვთ „რაიო ვალეკანოსთან”.