„მანჩესტერ იუნაიტედის” ოდინდელმა კაპიტანმა, „სქაი სპორტის” ექსპერტმა როი კინმა „არსენალის” ესპანელი მწვრთნელი მიკელ არტეტა გააკრიტიკა, წაგების ავადმყოფურმა ზიზღმა დააბრმავაო: წუხელ „იუნაიტედმა” „მეთოფეებს 3:1 მოუგო.
პრემიერლიგაში მანკუნიანელთა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება დებიუტანტი ანტონის ერთმა და მარკუს რეშფორდის ორმა გოლმა მოიტანა. ერიკ ტენ ჰაგის გუნდმა კარგად ითამაშა. ახლა ყველა ლაპარაკობს, რომ „ბრაიტონთან” და „ბრენტფორდთან” წაგებებით დაწყებული ჩემპიონატი ტენ ჰაგის ბიჭებმა სასიკეთოდ შემოატრიალეს.
შეხვედრის შემდეგ არტეტამ გამარჯვებული მეტოქისთვის კეთილი სიტყვა ვერ გაიმეტა. ის გაღიზიანებული იყო, რადგან VAR-მა პირველ ტაიმში, 0:0-ზე, გაბრიელ მარტინელის გოლი არ ჩაუთვალა.
„ჩვენ ეს თამაში უნდა მოგვეგო, — თქვა „არსენალის” თავკაცმა, — მწვერვალზე ყოფნა თუ გვინდა, გამარჯვება ხელიდან არ უნდა გავუშვათ. რაც შეეხება მსაჯობას, თანამიმდევრულობაა საჭირო. ერთი კვირის წინ ისეთი არაფერი დაგვიშავებია და მსუბუქი კონტაქტის გამო გვაჯარიმეს, შემდეგ კი საკას წინააღმდეგ მსუბუქი შეხება იყოო და პენალტი არ მოგვცეს. დღეს, დააკვირდებოდით მატჩი როგორი უხეში ორთაბრძოლებისგან შედგებოდა, მაგრამ მსაჯს ყვითელი ბარათი არ ამოუღია. რით აიხსნება ეს? იმით, რომ მნიშვნელოვანი მატჩი იყო. ეს ყველაფერი ძნელი გასაგებია”.
არტეტას ჩივილიდან ცოტა ხანში „სქაი სპორტის” ეკრანზე გამოჩნდა როი კინი, რომელმაც ესპანელის წინააღმდეგ გაილაშქრა:
„მისმინეთ, უკვე მომბეზრდა იმის მოსმენა, თუ როგორ იმართლებს ეს ხალხი თავს. მატჩის შემდეგ არტეტამ ინტერვიუ მისცა. მესმის, რომ წაგება არ უყვარს, მაგრამ გამარჯვებულისთვის ქების სიტყვა ხომ უნდა გაიმეტო? ყოველთვის, როდესაც „არსენალი” მარცხდება, ის მიზეზს მსაჯების შეცდომებში ეძებს. ამდენი თავის გამართლება არ არის საჭირო. კარგად ითამაშე? მიიღე შენი წილი ტაში, მაგრამ ჩემი გარჯაც ხომ უნდა დააფასო”.
მსაჯობით თავისი უკმაყოფილება გამოხატა „მეთოფეთა” ნახევარმცველმა მარტინ ოდეგორმაც, რომელმაც VAR-ის აზრით კრისტიან ერიკსენს ბურთი წესების დარღვევით წაართვა და მარტინელის საგოლე პასი ისე მიაწოდა.
„არანაირი ჯარიმა არ ყოფილა, — თქვა ნორვეგიელმა, — მსაჯმა ეს კარგად დაინახა და გვანიშნა გაგვეგრძელებინა თამაში. მსუბუქი კონტაქტი იყო. კამერაში ორთაბრძოლა ყოველთვის უფრო ძალისმიერი მოგეჩვენება. სამწუხაროა, რადგან მსაჯმა VAR-ის ჩარევამდე ყველაფერი კარგად შეამჩნია”.