პრო დ2-ის მეორე ტურის შემდეგ ლიგას ერთობ მოულოდნელი ლიდერი ჰყავს: „რუანმა“ „კოლომიეს“ 22:10 მოუგო და 8 ქულით ცხრილის მწვერვალზე დადგა.
ამდენივე ქულა, ოღონდ უარესი დამატებითი მაჩვენებლებით, „გრენობლსაც“ აქვს, რომელმაც „აჟენს“ სტუმრად 16:11 მოუგო და ამ გამარჯვებაში 52-წუთიანი დომინანტური თამაშით წვლილი ზურა ჟვანიამაც შეიტანა.
მესამე-მეოთხე ადგილებზე 6-6 ქულით „ოიონაქსი“ და „მონ-დე-მარსანი“ დაფუძნდნენ. პირველმა დიდი ანგარიშით – 33:5 დაამარცხა „მასი“, რომლის შემადგენლობაში დებიუტი უჩა ჭეიშვილს ჰქონდა (საწყისი 47 წუთი ითამაშა), ხოლო ყოფილი ლიდერი ბეზიეში ბონუსით, 24:26 დამარცხდა და მასპინძელთა მოგებაში მონაწილეობა გიორგი ახალაძემაც მიიღო, რომელმაც 45-ე წუთიდან ითამაშა.
„ბიარიცი“ ვანში 26:34 დამარცხდა, მის შემადგენლობაში მეორე ტაიმი ლაშა ტაბიძემ ითამაშა, ხოლო თორნიკე ჯალაღონია მატჩში 51-ე წუთზე ჩაერთო.
„ნევერმა“ „ანგულემს“ შინ 20:18 მოუგო და ბონუსიც გაატანა. მასპინძელთა მეორე ხაზი ქართული იყო – ლადო ჩაჩანიძემ სრულად ითამაშა, ხოლო ლაშა ჯაიანი ერთი საათის თავზე დაასვენეს. სტუმართა შორის 57 წუთი ირაკლი ცხადაძემ ითამაშა.
საფრანგეთის ყველაზე ქართულმა გუნდმა – „ორიაკმა“ კვლავ 6 ქართველი ათამაშა და „პროვანსს“ 22:13 მოუგო. გიორგი ქართველიშვილმა 50 წუთი ითამაშა, გიორგი ჯავახიამ – 61, გიორგი გოგოლაძემ – 80-ვე, ლუკა ნიორაძემ – დასკვნითი ნახევარი საათი, მიხეილ ალანიამ ბოლო 7 წუთი. აი, ბექა შვანგირაძემ კი თამაში ნაადრევად 68-ე წუთზე დატოვა, როცა რეფერისგან მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, რომელიც ავტომატურად ნიშნავს თამაშის ბოლომდე გაძევებას და მინიმუმ მომდევნო მატჩის გაცდენას, ამას სადისციპლინო კომისია დაადგენს. საბედნიეროდ, 20 წლის ქართველის უდისციპლინობამ გუნდზე და შედეგზე გავლენა ვერ მოახდინა…
დაბოლოს, ქართულ ქულებზეც ვთქვათ. „კარკასონმა“ სოსო ბეკოშვილის (1-64 წთ) დახმარებით „მონტობანს“ 21:10 მოუგო და ამ უკანასკნელის სასტარტოში მირიან ბურდული იყო (1-46 წთ), ხოლო ბეკოშვილის ყოფილი ბრიველი თანაკლუბელი თედო აბჟანდაძე მოედანზე 46-ე წუთზე შევიდა და მატჩის ბოლო ქულებიც საკუთარ ანგარიშზე ჩაიწერა – მე-60 წუთზე მონტობანელთა ერთადერთი ლელო გარდასახა.