თბილისში მიმდინარე ევროპირველობის A ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა მეორე მარცხი იწვნია. ილიას ზუროსის გუნდმა ამჯერად ესპანეთთან წააგო – 64:90.
თანაბარი მხოლოდ პირველი მეოთხედი გამოდგა, რომელიც ჩვენებმა 2 ქულით დათმეს. მას შემდეგ მოყოლებული, სერჯიო სკარიოლის გუნდი მეთოდურად ზრდიდა უპირატესობას და საქმის გამარჯვებამდე მიყვანა არ გასჭირვებია. ჩვენებმა კი, დღეს ვერც შეტევაში ივარგეს და ვერც დაცვაში, აქედან გამომდინარე, 26-ქულიანი მარცხი ლოგიკურიც არის.
გეტყვით იმასაც, რომ თითქმის არ უთამაშია გოგა ბითაძეს, რომელმაც მხოლოდ საწყისი 6 წუთი გაატარა პარკეტზე. ოდნავ მეტი დრო დაეთმო გიორგი ცინცაძეს. მთლიანობაში მოედანზე 12-ვე კალათბურთელი გავიდა, ხოლო დასკვნითი ნაწილი ჩვენ გუნდმა სუპერლიგელებით ჩაამთავრა.
საქართველოს ნაკრებში 13 ქულით საუკეთესო რატი ანდრონიკაშვილი იყო, 10-10 ქულა სანდრო მამუკელაშვილმა და გიორგი შერმადინმა მოაგროვეს. ესპანელთა მხრიდან კი, რომლებმაც გუნდურად ითამაშეს, მხოლოდ 2 კაცი ასცდა 10-ქულიან ზღვარს – ვილი ერნანგომესი (14) და ხაიმე პრადილია (12).
შეგახსენებთ, დღეს A ჯგუფში ჩერნოგორიამ 76:70 ბელგია დაამარცხა, ხოლო თურქებმა 101:87 ბულგარეთს მოუგო. ჯერჯერობით, ჯგუფს 2-2 მოგებით თურქეთი და ესპანეთი ლიდერობენ, თითო მოგება აქვთ ჩერნოგორიასა და ბელგიას, ხოლო საქართველო და ბულგარეთი უქულოდ არიან.





