შაბათს, საღამოს 6 საათზე, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში დაიწყება ადგილობრივი „რასინგ-92“-სა და „კასტრის“ შეხვედრა, რომელიც დასაბამს დაუდებს ევროპის უძლიერესი სარაგბო ჩემპიონატის – ტოპ-14-ის ახალ სეზონს.
ის, რომ ტოპ 14 უძლიერესია ბებერ კონტინენტზე, ეს უდავოა, რადგან ბოლო 2 წელია ევროპულ საკლუბო ტურნირებს სწორედაც ფრანგული კლუბები იგებენ და ეს არგუმენტი ყველაზე წონადია, თუკი ტოპ 14-ისა და რომელიმე სხვა ლიგის შედარებაზე მიდგა საქმე.
და მით უფრო სასიხარულო და საამაყოც კია, რომ ამ ლიგის მონაწილე გუნდებში ერთბაშად 30 ქართველი მორაგბეა გადანაწილებული. მეტნიც იქნებოდნენ, მაგრამ ლეგენდარულმა დუდუ ქუბრიაშვილმა კარიერა დაასრულა, ხოლო არანაკლებ სახელოვანმა მიშა ნარიაშვილმა ამ სეზონის გაცდენა და ქრონიკული ტრავმის საფუძვლიანი მკურნალობა გადაწყვიტა.
მათ არყოფნაში ყველაზე ასაკოვანი ქართველი მორაგბე ტოპ 14-ში „სტად ფრანსეს“ 32 წლის ბურჯი ვასილ კაკოვინი გახდა, ხოლო ყველაზე ნორჩი – „ტულონის“ 18 წლის პირველხაზელი დავით მჭედლიძე.
ამ ჭაბუკს დიდ რაგბამდე ჯერ დიდი გზა აქვს გასავლელი. აი, შარშანდელი დებიუტანტი დავით ნინიაშვილი კი მსოფლიო რაგბის ელიტაში მეტეორივით შევარდა და სხვადასხვა გამოცემები მას სულაც მსოფლიოს სიმბოლურ ნაკრებშიც კი ასახელებენ. აქვე არიან ჩვენი დანარჩენი ვარსკვლავებიც – ვასილ ლობჟანიძე, ბექა გორგაძე, კოტე მიქაუტაძე, ბექა გიგაშვილი, გელა აფრასიძე და მრავალი სხვა. სეზონი კი მეტად საინტერესო უნდა გამოვიდეს, რადგან ლიგაში ისეთი ტრანსფერები განხორციელდა წინასწარ ფავორიტის დასახელებაც რომ ჭირს.
ეს კი ჩვენი ელიტური 30-ეულის სრული სია:
ბაიონი (4): ლუკა ჭელიძე (22 წლის), ბადრი ციხისთავი (19), კონსტანტინე მიქაუტაძე (31), ლაშა ციხისთავი (19).
ბორდო (1): ლექსო ყაულაშვილი (29).
ბრივი (4): ლუკა ჯაფარიძე (23), ვანო კარკაძე (22),
ვასილ ლობჟანიძე (25), გიორგი შველიძე (18).
კასტრი (1): ლევან ჩილაჩავა (31).
კლერმონი (1): გიორგი ძმანაშვილი (20).
ლა როშელი (2): ალექსანდრე ქუნთელია (20), ნიკა სუთიძე (18).
ლიონი (2): ბექა საღინაძე (23), დავით ნინიაშვილი (20).
მონპელიე (2): გელა აფრასიძე (24), მათის მოდებაძე (19).
პო (2): გურამ პაპიძე (25), ბექა გორგაძე (26).
პერპინიანი (3): გიორგი თეთრაშვილი (28), ვახტანგ ჯინჭარაძე (22), ნოდარ შენგელია (20).
რასინგ-92 (2): გურამ გოგიჩაშვილი (23), გია ხარაიშვილი (23).
სტად ფრანსე (4): ვასილ კაკოვინი (32), გიორგი მელიქიძე (26), სერგო აბრამიშვილი (18), გიორგი ცუცქირიძე (25).
ტულონი (2): ბექა გიგაშვილი (30), დავით მჭედლიძე (18).