1 სექტემბერს თბილისში ევრობასკეტი იხსნება. საქართველოს ნაკრების გარდა, ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში თავს ესპანეთის, თურქეთის, ჩერნოგორიის, ბელგიისა და ბულგარეთის ნაკრებები მოიყრიან.
ეს არის ზედიზედ მეხუთე ევროპირველობა, სადაც ჩვენი ეროვნული გუნდი ითამაშებს. პირველად ევრობასკეტზე 2011 წელს მოხვდით. პირველი ჯგუფური ეტაპი მესამე ადგილით დავძლიეთ, მაგრამ მეორე ეტაპზე ყველა მატჩი წავაგეთ და ტურნირს დავემშვიდობეთ.
2013 წელს ჩენი გუნდი ევრობასკეტის ჯგუფში ჩარჩა, ხოლო 2015 წელს, ჯერჯერობით, საუკეთესო შედეგი დააფიქსირა – გავიდა მერვედფინალში, სადაც ლიეტუვასთან დათმო. 2017 წელს, ისევ ჯგუფში ჩავრჩით.
ამის შემდეგ გადაწყდა, რომ ევროპის ჩემპიონატი არა ყოველ 2 წელიწადში, არამედ 4 წელიწადში გაიმართებოდა და 2021 წელს ველოდებოდით. თუმცა, კორონავირუსის გამო, წელს ტარდება.
პირველ და მესამე ევროპირველობებზე საქართველო ჯგუფიდან გავიდა, მეორეში და მეოთხეში – ვერა. აქედან გამომდინარე, მეხუთეში გასვლის დროა და ჩვენს ამის იმედი გვაქვს.
მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებს ზედ ევროპირველობის წინ გუნდის ლიდერი და კაპიტანი თორნიკე შენგელია დააკლდა, ილიას ზუროსის გუნდს აქვს პოტენციალი მერვედფინალში ამჯერადაც ითამაშოს. საამისოდ საჭიროა 6 გუნდიდან 4 საუკეთესოში მოხვდეს და ამაში საშინაო არენაც უნდა დაეხმაროს.
ესპანეთი და თურქეთი ჯგუფის მთავარი ფავორიტები არიან, ჩვენი გუნდის უშუალო კონკურენტები ჩერნოგორია და ბელგია იქნება. ბულგარეთს ყველა აუტსაიდერად მიიჩნევს.
საქართველო რომ ფლეი ოფში გავა, ამას ფიბა-ევროპას ექსპერტებიც ფიქრობენ.
„შენგელიას გამოკლება ქართველებისთვის მართლაც ძალიან დიდი დარტყმააა, მაგრამ ის ფაქტი, რომ ჯგუფური ეტაპის მატჩები თბილისში იმართება, დიდი უპირატესობაა. დანაკლისის მიუხედავად, გუნდმა პლეი ოფში უნდა ითამაშოს, რაშიც გადამწყვეტი ფაქტორი წინა ხაზი იქნება“, – წერია ფიბა-ევროპას ვებგვერდზე.
ჯგუფის მთავარი ფავორიტი ესპანეთის ნაკრებია. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს აღარ ჰყავს ძმები გასოლები, აკლია რიკი რუბიო და ევროპირველობის წინ ტრავმის გამო სერხიო ლულიც დაკარგა, მაინც ძლიერი გუნდია, რომლის დამარცხებაც ყველასთვის უპირველესი მიზანი იქნება.
სერჯიო სკარიოლო თბილისში შემდეგი 12 კალათბურთელით მოდის:
ლორენსო ბრაუნი (მაკაბი, ისრაელი), ხაიმე პრადილა, ხაბი ლოპეს-აროსტეგი (ორივე – ვალენსია), რუდი ფერნანდესი (რეალი), ხაიმე ფერნანდესი, დარიო ბრიზუელა, ალბერტო დიაზი (ყველა – უნიკახა), სებას საიზი (ტოკიო, იაპონია), ვილი ერნანგომესი (ნიუ ორლეანი, NBA), უსმან გარუბა (ჰიუსტონი, NBA), ხუანჩო ერნანგომესი (იუტა, NBA), ხოელ პარა (ხუვენტუტი).
ესპანეთის შემდეგ აუცილებლად უნდა ვთქვათ თურქეთის ნაკრები. ჩვენი აზრით, თურქებს უფრო ძლიერი გუნდი ჰყავს, ვიდრე ესპანეთს, მაგრამ ფურცელზე უკეთესი ესპანეთია. ერგინ ატამანს NBA-სა და ევროლიგის კალათბურთელთა მშვენიერი ნაზავი ჰყავს, პლუს, ნატურალიზებული ამერიკელი შეინ ლარკინი.
ისიც გავითვალისწინოთ, რომ თურქეთი მეზობელი ქვეყნაა და დარბაზშიც ბლომად იქნებიან. შესაძლოა, ქართველებზე მეტიც, რადგან ფასებიდან გამომდინარე ბევრი ჩვენებური ბილეთს ვერ ყიდულობს.
თურქეთის ნაკრების საევრობასკეტო შემადგენლობა ასეთია:
ალპერენ სენგუნი (ჰიუსტონი, NBA), ბუგრაჰან თუნჩერი, შეინ ლარკინი, სეჰმუს ჰაზერი, იგიტჩან საიბირი (ყველა ეფესი), ჩედი ოსმანი (კლივლენდი, NBA), ერკან ოსმანი (ბეშიქთაში), ფურკან კორკმაზი (ფილადელფია, NBA), მელიჰ მაჰმუტოღლუ (ფენერბაჰჩე), ონურალპ ბიტიმი (ბურსასპორი), სადიკ კაბაჩა (გალათასარაი), სერტაჩ სანლი (ბარსელონა, ესპანეთი).
ამ ორი გუნდის შემდეგ უკვე საქართველო უნდა იყოს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენებს შენგელია დააკლდებათ და ვერც ამხანაგურ მატჩებში ივარგეს, შინაური კედლები მაინც უნდა დაეხმაროს, რომ ჯგუფიდან მესამე ადგილით გავიდნენ.
იმედს იტალიასთან ნაჩვენები თამაში გვიტოვებს, სადაც ზუროსის გუნდმა მეტოქეს ტოლი არ დაუდო და თანაბრად ეთამაშა. ჩვენი კოზირი ამ ევრობასკეტზე „მაღლებია“ – გიორგი შერმადინი, გოგა ბითაძე, სანდრო მამუკელაშვილი. დანარჩენი დარბაზში გამოჩნდება.
ზუროსის 12-ეული ასე გამოიყურება:
რატი ანდრონიკაშვილი (უგუნდო), სანდრო მამუკელაშვილი (მილუოკი, NBA), კახა ჯინჭარაძე (ალ კაჰრაბა, ერაყი), ბექა ბურჯანაძე (ბეტისი, ესპანეთი), გიორგი ცინცაძე (მონასტირი, ტუნისი), გიორგი შერმადინი (ტენერიფე, ესპანეთი), დუდა სანაძე (ბორაცი, სერბეთი), მიხეილ ბერიშვილი (სპორტინგი, ერაყი), მერაბ ბოქოლიშვილი (რუსთავი), თად მაკფადენი (მურსია, ესპანეთი), ბექა ბექაური (თსუ), გოგა ბითაძე (ინდიანა, NBA).
მეოთხე ადგილისთვის იბრძოლებენ ბელგია და ჩერნოგორია, რომელიც ევრობასკეტზე რუსეთის ნაცვლად მოხვდა. შემთხვევითი წყალბის მიუხედავად, ჩერნოგორიელს ხელწამოსაკრავი გუნდი სულაც არ ჰყავთ და ფლეი ოფში გასვლის პრეტენზიას აცხადებენ.
ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს ჩიკაგო ბულსის 31 წლის ცენტრი ნიკოლა ვუჩევიჩი, რაც უდიდესი დანაკლია. ჩერნოგორიელთა შემადგენლობაში გამოვყოფთ ნატურალიზებულ ამერიკელ კენდრი პერისა და 30 წლის ცენტრი ბოიან დუბლიევიჩს.
ვნახოთ, რა შემადგენლობით აპირებენ ჩერნოგორიელები დასახული მიზნის მიღწევას:
იგორ დრობნიაკი, ალექსა ილიჩი, ზორან ნიკოლიჩი, პეტარ პოპოვიჩი (ყველა ბუდოჩნოსტი), ვლადიმირ მიჰაოლივიჩი (მორნარი), ნიკოლა პავლიჩევიჩი (ცენტარი), ზორან ვუჩელიჩი (დერბი), ბოიან დუბლიევიჩი (ვალენსია, ესპანეთი), კენდრიკ პერი (უნიკახა, ესპანეთი), დინო რადონჩიჩი (სარაგოსა, ესპანეთი), ნემანია რადოვიჩი (მურსია, ესპანეთი), მარკო სიმონოვიჩი (ჩიკაგო, NBA).
ბელგიის ნაკრები საკმაოდ „კერკეტი კაკალია“. გუნდს ნებისმიერ დროს და ნებისმიერ გუნდთან შეუძლია სიურპრიზის შემოთავაზება. თუმცა, საპირისპიროდაც – შესაძლოა, მოსაგები წააგოს. დაბალანსებული, კარგად ნამუშევარი გუნდია ვარსკვლავების გარეშე. თუმცა, ჯგუფიდან გასვლაზე პრეტენზიას აცხადებენ.
ბელგია ერთადერთი ნაკრებია, რომელსაც ჯერ საევრობასკეტო 12-ეული არ დაუსახელებია.
A ჯგუფის აშკარა აუტსაიდერი ბულგარეთის ეროვნული გუნდია. თუმცა, ჰყავთ კალათბურთელი, რომელიც, შესაძლოა, ბერლინის ბილეთი გახდეს – ოლიმპიაკოსის ცენტრი ალეკსანდარ ვეზენკოვი.
სხვა გამორჩეული და დასამახსოვრებელი კალათბურთელები ნაკლებად, მაგრამ შეთამაშებული გუნდია. თუმცა, დიდ წინააღმდეგობებს მათგან არ ველით.
ბულგარეთის საკალათბურთო ნაკრები:
ალეკსანდარ იანევი, დეიან კარამფილოვი, ჩავდარ კოსტოვი (ყველა რილსკი), ალეკსანდარ ვეზენკოვი (ოლიმპიაკოსი, საბერძნეთი), ალეკს სიმეონოვი, ანდრეი ივანოვი (ორივე ცსკა), დიმიტარ დიმიტროვი, პავლინ ივანოვი, სტანიმირ მარინოვი (ყველა ბალკანი), დი ბოსტი (გალათასარაი, თურქეთი), ემილ სტოილოვი (ესტუდიანტესი, ესპანეთი), ივან ალიპიევი (არკადია, ავსტრია).

1 სექტემბერი: ესპანეთი-ბულგარეთი (15:30); თურქეთი-ჩერნოგორია (18:15); ბელგია-საქართველო (21:00);
3 სექტემბერი: ჩერნოგორია-ბელგია (15:30); ბულგარეთი-თურქეთი (18:15); საქართველო-ესპანეთი (21:00);
4 სექტემბერი: ბულგარეთი-ჩერნოგორია (15:30); ესპანეთი-ბელგია (18:15); თურქეთი-საქართველო (21:00);
6 სექტემბერი: ბელგია-თურქეთი (15:30); ჩერნოგორია-ესპანეთი (18:15); საქართველო-ბულგარეთი (21:00);
7 სექტემბერი: თურქეთი-ესპანეთი (15:30); ბულგარეთი-ბელგია (18:15); საქართველო-ჩერნოგორია (21:00).





