„ფიორენტინასთან” სტუმრად ნათამაშევი 0:0-ის შემდეგ „ნაპოლის” მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ასეთი კომენტარი გააკეთა:
„მასპინძლებმა მაქსიმალური ძალისხმევით იბრძოლეს — შეხვედრა იყო ძალისმიერი და აგრესიული. ჩვენ კომბინაციებს კარგად ვაწყობდით, მაგრამ საგოლე პასები არ გვივარგოდა. ჯამში კარგად ვითამაშეთ, თუმცა კარში გადამწყვეტი დარტყმები ვერ შევასრულეთ. ერთი საოცარი შანსიც გვქონდა. ვფიქრობ, იმ ეპიზოდში ირვინგ ლოსანოს გატანა მართებდა, ასეთ დროს ბურთი კარში უნდა შეაგდო. ამდაგვარ მომენტებს არ უნდა ვაფუჭებდეთ.
თუ გავითვალისწინებთ როგორ ბრძოლაში მოვიპოვეთ ეს ფრე, შედეგით უკმაყოფილო არ უნდა ვიყოთ. და მაინც, მეტოქის კარის წინ მეტი სიზუსტეა საჭირო. ეს სიზუსტე რომ გამოგვეჩინა, მოვიგებდით.
რაც შეეხება ატმოსფეროს „არტემიო ფრანკიზე” — ხალხი მთელი 90 წუთის განმავლობაში მაგინებდა, დედაჩემზე იძახდნენ რაღაცებს. სამწუხაროა, როდესაც შენს საკუთარ ქალაქში ასე გეპყრობიან. ძალიან უხეშად მომექცნენ”.
ეპიზოდი, როდესაც ლოსანოს გოლის გატანა მართებდა ქვემოთ, ვიდეოზე შეგიძლიათ ნახოთ. ხვიჩა კვარაცხელიამ შეიძლება ამ მეტისმეტად ძალისმიერ შეხვედრაში ისე ვერ ითამაშა როგორც წინა ორში, მაგრამ თავისი წილი ნაღდი საგოლე მომენტი მაინც შექმნა — მექსიკელს ჩინებული პასი ჩააწოდა. ზოგადად კი უნდა ითქვას, რომ ფლორენციელთა 23 წლის ბრაზილიელი მცველი დოდო, სრულად დომილსონ კორდეირო დოს სანტოსი, ხვიჩას წინააღმდეგ კარგად იდგა, მის ცრუმოძრაობებზე არ წამოეგებოდა ხოლმე და სისტემურადაც ფლორენციელებმა ქართველის გასანეიტრალებლად სწორი ტაქტიკა შეიმუშავეს.
calciomercato.com-მა კვარაცხელიას 5,5 ქულა დაუწერა. იტალიური საიტი წერს: მას ბურთი ზედმეტად ეჭირა, თავის სპეციალობაში, დრიბლინგში ვერ იყოჩაღა. მეორე ტაიმში ლოსანოს სამეფო პასი მიაწოდა, მაგრამ ეს მთელს მატჩში ერთადერთი ეპიზოდი იყო.
ჩვენი მხრივ დავძენთ, რომ ხსენებული სახიფათო ეპიზოდის შემდეგ სპალეტიმ ხვიჩა და პიოტრ ჟელინსკი (ასევე 5,5 ქულა) მალევე შეცვალა. ეს 61-ე წუთზე მოხდა. ათი წუთის შემდეგ მწვრთნელმა ლოსანოც (5 ქულა) გაიყვანა მოედნიდან, 78-ზე კი ვიქტორ ოსიმენი (6 ქულა) დასვა. ამის ერთ-ერთი მიზეზი სავარაუდოდ ის არის, რომ ნაპოლის ზეგ, 31 აგვისტოს, მორიგი თამაში აქვს — „ლეჩეს” მასპინძლობს, ხოლო კიდევ სამ დღეში, შაბათს, რომში მიდის „ლაციოსთან” საბრძოლველად. გარდა ამისა, სპალეტიმ ახალწვეულები ჩართო საქმეში.
სამი ტურის შემდეგ „ნაპოლი” ცხრილში ლიდერობს. მას და მომდევნო ხუთ გუნდს 7 ქულა აქვთ.