დღეს ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი” ფლორენციაში, „არტემიო ფრანკიზე” „ფიორენტინას” ხვდება. პირველ ორ ტურში გამარჯვების შემდეგ ნეაპოლელ ფანებში დიდი ოპტიმიზმია. გულშემატკივრები იმედით შეჰყურებენ სატრანსფერო ბაზრის დახურვამდე დარჩენილ რამდენიმე დღესაც.

„აძურის” ნეაპოლის ცენტრალურ სადგურზე ოცზე მეტი გულშემატკივარი აცილებდა. calciomercato წერს, რომ მათი შეძახილებიდან ყველაზე დასამახსოვრებელი იყო ორი. პირველ შემთხვევაში მათ მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი დაინახეს და დაუძახეს: „მიდი მისტერ, შეჭამე ისინი!”; მეორე შემთხვევაში კი ხვიჩა კვარაცხელიას დანახვაზე მათ იყვირეს: „კვარა, შენ მონსტრი ხარ!”