No description available.საფრანგეთში შიდა სარაგბო სეზონი დაიწყო და პრო დ2-ის პირველივე ტურში ერთბაშად 21-მა ქართველმა მიიღო მონაწილეობა!

უფრო სწორად, 21 კაცი გუნდების განაცხადში იყო, თუმცა თამაშით 20-მა ითამაშა – „ბეზიეს“ ბურჯი გიორგი ახალაძე სულ ბოლო მომენტში გუნდის განაცხადში სამარქაფო კვაჭად შეიყვანეს, თუმცა მწვრთნელმა აღარ გარისკა და ახალაძე უჩვეულო პოზიციაზე შემცვლელად მაინც არ შეიყვანა.

იყო არაერთი დებიუტანტიც – მაგალითად ბორჯღალოსან მეორეხაზელ ლაშა ჯაიანს აქამდე საფრანგეთში არასდროს ეთამაშა და აი, მისი დებიუტიც პირველივე ტურში შედგა – მისი „ნევერი“  „მონტობანთან“ გასვლაზე 20:29 დამარცხდა და თავად ლაშამ პირველიდან 75-ე წუთამდე ითამაშა. ასევე სასტარტოში იყო თორნიკე მატარაძე, ვინც 47-ე წუთზე დაასვენეს. სხვათა შორის, იგივე 47-ეზე შეცვლაზე ლადო ჩაჩანიძე შევიდა და 75-ე წუთამდე ნევერელთა მეორე ხაზი სრულად ქართველებისგან შედგებოდა. გამარჯვებულ გუნდში კი შეცვლაზე ჯერ მირიან ბურდული გამოჩნდა (47-ეზე), შემდეგ, 59-ეზე – თედო აბჟანდაძე, რომელმაც სეზონში პირველი ქართული ქულები 68-ე წუთზე ზუსტი საჯარიმო დარტყმით დააგროვა.

პარალელურად მომდინარე მატჩში კი, სულ რამდენიმე წუთში სეზონში პირველი ქართული ლელოც დაფიქსიდა. გასული რეგულარულის გამარჯვებულმა „მონ-დე-მარსანმა“ 6-ქართველიანი „ორიაკი“ 40:18 გაანადგურა, არადა შეცვლაზე 62-ე წუთზე შესულმა ლუკა ნიორაძემ 73-ეზე ბურთი დერეფანში ოსტატურად შეაგდო, ძალიან მაგარ მოლს სათავეში ჩაუდგა და საჭირო მომენტში ისე მოწყდა თანაგუნდელებს, რომ მეტოქეებმა ვეღარაფერი დაუპირისპირეს და ანგარიშიც 28:18 გახდა. თითქოსდა ორიაკელები უნდა გამოცოცხლებულიყვნენ, მაგრამ მასპინძლებმა ბოლო წუთებზე ორი ლელო გაიტანეს, ბონუსიანი გამარჯვება მოიპოვეს და ცხრილსაც სათავეში ჩაუდგნენ. მონტუაზელთა შორის პირველი ტაიმი სრულად ჩაატარა ლაშა მაჭარაშვილმა, ხოლო სტუმართა სასტარტოში გიორგი ქართველიშვილი, გიორგი ჯავახია და ბექა შვანგირაძე იყვნენ, ხოლო მეორე ტაიმში ნიორაძე, მიშიკო ალანია და გიორგი გოგოლაძე გამოვიდნენ. სხვათა შორის, 20 წლის შვანგირაძე ყველაზე ახალგაზრდა იყო პირველი ტურის მონაწილე ქართველებს შორის და ის ერთადერთი იყო, ვინც პირველ ტურში 80 წუთი ითამაშა.

ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მინდორზე თორნიკე ჯალაღონია დაბრუნდა, რომელმაც „ოიონაქსთან“ 18:14 მოგებულ მატჩში „ბიარიცის“ სასტარტოში იყო და 70-ე წუთამდეც დაჰყო „ბორდოდან“ მოსულ ლაშა ტაბიძეს ბასკთა შემადგენლობაში კი დებიუტი ჰქონდა პრო დ2-ში – მან მეორე ტაიმი საკმაოდ დამაჯერებლად ჩაატარა.

No description available.„გრენობლმა“ ზემოთ ხსენებულ „ბეზიეს“ 19:13 სძლია და ამ გამარჯვებაში წვლილი ზურა ჟვანიამაც შეიტანა, რომელმაც საწყისი 52 წუთი ითამაშა. სტუმრებში 53-ეზე ჟორჟი სალდაძე გამოჩნდა.

„ანგულემმა“ ელიტაში დაბრუნება „ვანის“ ძლევით (31:30) აღნიშნა და მის შემადგენლობაში პრველი ტაიმი ომარ ოდიშვილმა ითამაშა, ვინც მე-13 წუთზე გაასინბინეს კიდეც.

ასევე ყვითელი ბარათი „დაიმსახურა“ 36 წლის ბექა შეყლაშვილმა, ვინც მარქაფიდან „კოლომიესა“ და „კარკასონის“ თამაშში 50-ე წუთზე ჩაერთო და 66-ეზე 10 წუთით იძულებით გავიდა. მისმა გუნდმა იოლად მოიგო 22:6, კარკასონელთა შორის კი შედგა ორი გამოცდილი ბურჯის დებიუტი – სოსო ბეკოშვილი სასტარტოში იყო, ხოლო ვახტანგ ახობაძე მის ნაცვლად მე-60 წუთზე შევიდა მოედანზე.