Khvicha Kvaratskhelia of SSC Napoli celebrates with Victor Osimhen of SSC Napoli after scoring first goal during the Serie A match between SSC Napoli...რაც უფრო ვუახლოვდებით დასასრულს, მით უფრო იკარგება საზღვარი იდეასა და მოლაპარაკებებს შორის. ახლა ის იმდენად ვიწროა, რომ დიდი სიფრთხილეა საჭირო, ზაფხულის სატრანსფერო ბაზარმა შეცდომა რომ არ დაგვაშვებინოს. კრიშტიანუ რონალდუს „ნაპოლიში” გადასვლა რეალურია, მაგრამ ეს სწორად უნდა მოხდეს. ჟორჟე მენდეში რამდენიმე კვირაა პორტუგალიელი ვარსკვლავისთვის ახალი კლუბის პოვნას ცდილობს, რადგან რონალდუს „მანჩესტერ იუნაიტედიდან” წასვლა უნდა. მიზეზი: „იუნაიტედი” ჩემპიონთა ლიგაში არ თამაშობს. თებერვალში რონალდუ 38 წლის ხდება და კარგად იცის, რომ შეჯიბრებაში, რომელშიც ხუთჯერ გაუმარჯვია, რეკორდების გასაუმჯობესებლად დიდი დრო აღარ აქვს დარჩენილი. არადა, ის ამ შეჯიბრების საუკეთესო ბომბარდირია და ყველაზე მეტი შეხვედრა აქვს ჩატარებული. ფეხბურთელის აგენტმა და „ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ტრანსფერის შესახებ ჯერ კიდევ მაშინ ილაპარაკეს, როდესაც ამას ვერავინ წარმოიდგენდა, ბოლო დღეებში კი გადაწყვეტილებასთან ძალიან ახლოს მივიდნენ. თუმცა, მანამდე მენდეშმა „ბაიერნის”, „ჩელსის” და „ატლეტიკოს” კარზეც დააკაკუნა, მაგრამ ყველა დაკეტილი დახვდა. მიზეზები სხვადასხვა იყო.

დიალოგი. შესაბამისად, „ნაპოლისთან” მოლაპარაკებები განახლდა. მენდეშმა „მილანთანაც” მოსინჯა ძალა, მაგრამ იმთავითვე კარგად იცოდა, რომ „როსონერის” ასაკოვანი ფეხბურთელების მიმართ მკაცრი დამოკიდებულება აქვს. თან ტრანსფერთან პორტუგალიელი თავდამსხმელის რაფაელ ლეაოს რამენაირად მიბმა ძნელი იქნებოდა. მენდეშსა და „აძურის” პრეზიდენტს კი ყოველთვის შესანიშნავი ურთიერთობა და ნაყოფიერი თანამშრომლობა ჰქონდათ. თუმცა, „ოპერაცია რონალდუ” უპირობო არ არის, ის შეიძლება მხოლოდ ორ შემთხვევაში განხორციელდეს: თუ ვიქტორ ოსიმენი გაიყიდება, თან არანაკლებ 100 მილიონ ევროდ ან თუკი რონალდუ „ნაპოლიში” ეგრეთწოდებული „მშრალი იჯარით” გადავა ანუ, თანამშრომლობის ბოლოს ფეხბურთელი თავის კლუბში, ამ შემთხვევაში „მანჩესტერ იუნაიტედში” დაბრუნდება და მის გამოსყიდვაზე ლაპარაკიც არ იქნება.

რონალდუს კონტრაქტს ვადა სეზონის ბოლოს გაუვა, „მანჩესტრ იუნაიტედს” მისი გაგრძელების უფლება აქვს, დე ლაურენტისს კი რაიმე ვალდებულების აღება არ უნდა.

ტრანსფერზე ბრიტანელებიც სერიოზულად ფიქრობენ და უკვე შეიმუშავეს ასეთი წინადადება: „ნაპოლი” სამ წელიწადში რონალდუს სანაცვლოდ გადაიხდის 100 მილიონს, ხოლო თავად ნიგერიელ ოსიმენს წელიწადში 10 მილიონიან კონტრაქტს გაუფორმებენ. რჩება რონალდუს უზარმაზარი გასამრჯელოს პრობლემა, რომელზეც მას მედიის, მათ შორის „ტუტოსპორტის” ინფორმაციით მენდეში უკვე მუშაობს. პორტუგალიელი სეზონში დაახლოებით 24 მილიონ ევროს იღებს, თან პირველი ორი თვის ჯამაგირი მას „მანჩესტერ იუნაიტედმა” უკვე გადაუხადა. ამიტომ, ახლა ლაპარაკობენ, რომ დარჩენილი თანხის 75 პროცენტს კვლავ ინგლისური კლუბი იკისრებს, დანარჩენს კი „ნაპოლი” გადაიხდის.

ოსიმენი. ამ ისტორიაში ოსიმენის პოზიცია ასეთია: ნიგერიელი, როგორც ყველა ფეხბურთელი, პრემიერლიგაში თამაშზე ოცნებობს, მაგრამ ამწუთას კლუბის გამოცვლა ხელს არ აძლევს. მას სხვაგან გადასვლის სურვილი არ გამოუხატავს და ლუჩანო სპალეტის პროექტში თავს შესანიშნავად გრძნობს. მისმა აგენტმა რობერტო კანდელამ ტვიტერში დაწერა: „არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, არანაირი გაცვლა არ მოხდება. ვიქტორ ოსიმენი „ნაპოლის” ფეხბურთელია. მას უნდა ჩემპიონთა ლიგაში „აძურის” სახელით ითამაშოს და გამარჯვების შემდეგ სიხარული ნეაპოლელ თანაგუნდელებთან ერთად გაიზიაროს”.

სალვატორე მალფიტანო, „ლა გაძეტა დელო სპორტი”