Manager Erik ten Hag and Marcus Rashford of Manchester United in action during a first team training session at Carrington Training Ground on August...წინა ხუთშაბათს „მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელს ერიკ ტენ ჰაგს დიდი კრება მოუწვევია. კრება ორ საათს გაგრძელებულა. ჰოლანდიელს თავისი ფეხბურთელებისთვის უთქვამს, გულწრფელად მითხარით ვის რა გაწუხებთ და გპირდებით არავინ დაისჯებაო.

გულახდილობის დღეს ტენ ჰაგს კრიშტიანუ რონალდუსა და ჰარი მაგუაირისთვის უთქვამს, რომ ისინი ორშაბათს „ლივერპულის” წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში არ იქნებოდნენ. მანკუნიანელებმა მერსისაიდელებს 2:1 მოუგეს.

რონალდუს თათბირზე ხმა არ ამოუღია, თუმცა ზოგ ფეხბურთელს თავისი სათქმელი უთქვამს. ინგლისური პრესა წერს, რომ „იუნაიტედის” ახალ მწვრთნელს რონალდუს ქცევა მობეზრდა. ვეტერანი მას გუნდის „ფერფლიდან აღდგენაში” ხელს უშლის.

კერძოდ, ტენ ჰაგი გასულ კვირას გაბრაზებულა, როდესაც 37 წლის პორტუგალიელი დამუქრებია ინტერვიუთი, სადაც ის ყველაფერს იტყვის. ისე ჩანს, რომ ერთადერთი, რაც ახლა მწვრთნელს უნდა, რონალდუს თავიდან მოშორებაა. ფეხბურთელების ნაწილიც მიიჩნევს, რომ მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო მოთამაშე თავისი დამოკიდებულებით „ოლდ ტრეფორდზე” საქმეს აფუჭებს.

წინა ხუთშაბათის ორსაათიან შეკრებაზე თავიდან ტენ ჰაგმა ილაპარაკა. მან მოთამაშეებს უთხრა, რომ კლუბის ხელმძღვანელებისგან სრული მხარდაჭერა აქვს და თუ ვინმეს მასთან მუშაობა არ უნდა, შეუძლია წავიდეს, „მანჩესტერ იუნაიტედში” ძალად არავინ დატოვებს. მწვრთნელმა თქვა, რომ მისთვის ყველა ფეხბურთელი ერთია და მათ უნდა ითამაშონ ისე, როგორც ის ეტყვის. ვარსკვლავობის მიუხედავად არავის მიეცემა საშუალება ცუდ ფორმაში ყოფნით გუნდს რეპუტაცია შეულახოს.

შემდეგ, ფეხბურთელების ჯერი დადგა. მარკუს რეშფორდს უკითხავს, როდის ათამაშებს ტენ ჰაგი მას 9 ნომრის პოზიციაზე, როგორც სეზონის წინა შეკრებების დროს დაპირდა. ჰოლანდიელს უპასუხია, რომ რეშფორდს შანსი სწორედ „ლივერპულთან” შეხვედრაში მიეცემოდა. მართლაც, ხსენებულ მატჩში რეშფორდმა თავიდან ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე ჯეიდონ სანჩოსა და ენტონი ელანგას შორის ითამაშა და საყოველთაო აზრით გაამართლა, თუმცა მეორე ნახევარში, როდესაც ელანგა ანტონი მარსიალმა შეცვალა, რეშფორდმა ფრთაზე გადაინაცვლა და წყვილმა საგოლე კომბინაცია გაათამაშა. 53-ე წუთზე გოლი სწორედ რეშფორდმა გაიტანა.