მეორე ტურში, სერია A-ში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის დებიუტი შედგა — 24 წლის ლუკა ლოჩოშვილმა „კრემონეზეს” შემადგენლობაში ითამაშა. კრემონელებმა კრის სმოლინგის მიერ 65-ე წუთზე გატანილი გოლის გამო რომში ჟოზე მოურინიუს „რომასთან” 0:1 წააგეს. ლუკამ 85 წუთი ითამაშა. ბოლო 5 წუთში ის დანიელე ჩიოფანიმ შეცვალა.
„ლოჩოშვილი? ის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, — თქვა მატჩის შემდეგ „კრემონეზეს” 52 წლის მწვრთნელმა მასიმილიანო ალვინიმ, — ჩვენ მას ვაკვირდებოდით და მისი შეძენა გვინდოდა. ლოჩოშვილმა „სტადიო ოლიმპიკოზე” პაოლო დიბალას წინააღმდეგ ძლიერად ითამაშა. ძალიან კმაყოფილი ვარ. კმაყოფილი ვარ ჩვენი გუნდის ყველა ფეხბურთელით”.
კრემონელთა მწვრთნელი მიიჩნევს, რომ თამაშის მისეულმა იდეამ გაამართლა და ძლიერ მეტოქესთან, სტუმრად, როდესაც რომაელებს 60 000 გულშემატკივარი ამხნევებდა, „კრემონეზემ” დიდწილად წარმატებით ითამაშა. ასეთი ფეხბურთი საკუთარი თავის რწმენას გვმატებსო, ამბობდა ის.
„ორი ტურის შემდეგ ნული ქულა გვაქვს, რაც ნამდვილად გულსატკენია, რადგან ცუდად არ გვითამაშია. გვაქვს საკუთარი ხელწერა, აგრესიულები ვიყავით, მაგრამ გოლი ვერ გავიტანეთ. ამ მხრივ რასაკვირველია გული მწყდება, თუმცა თამაშის თვალსაზრისით ძალიან კმაყოფილი ვარ”, — თქვა ალვინიმ.
„კრემონეზეს”, რომელმაც გასულ სეზონში სერია B-ში მეორე ადგილი დაიკავა, შემდეგი შეხვედრა შაბათს, 27 აგვისტოს, შინ „ტორინოსთან” აქვს.