ვინ არ იცის ბელგიელი დრის მერტენსი, რომელიც ცხრა წელიწადი „ნაპოლიში” თამაშობდა და ამ ზაფხულს „გალათასარაიში” გადავიდა. DAZN-თან ინტერვიუში 35 წლის თავდამსხმელმა თქვა:
„სტამბოლი დიდებული ქალაქია. მართალია, მე და ჩემი ოჯახი ჯერ კიდევ ვეძებთ სახლს, მაგრამ აქ ჩამოსვლა უთუოდ დიდი თავგადასავალია. ძალიან დიდ კლუბში მოვხვდი. არც კი ვიცოდი „გალათასარაის” ამხელა ისტორია თუ ჰქონდა. ერთ დილას ჩემმა ცოლმა გაიღვიძა და ტირილი დაიწყო, ნეაპოლის სახლს ვერ დავტოვებო. მე დავპირდი, რომ ამ სახლს შევინარჩუნებდით”.
ნეაპოლი. „კვირას „ნაპოლის” თამაში ვნახე. მშვენივრად ითამაშეს, სწრაფად, საღად. ძალიან ვამაყობ ამ კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი (148 გოლი, 397 თამაში) რომ ვარ. ნეაპოლში გატარებული 9 წლის განმავლობაში უამრავი საინტერესო ადამიანი გავიცანი. მათთან ურთიერთობამ ბევრი რამ შემძინა. მიყვარს ეს ქალაქი. ხშირად ჩამოვდივარ.
ახალი სეზონი დაიწყო და ვატყობ, რომ აქაურობა ენთუზიაზმით არის სავსე. ვგრძნობ, გუნდს მაღალ პოზიციებზე დარჩენის უდიდესი წყურვილი აქვს”.
ინსინიე. „ჩვენ ხშირად ვიგებთ ერთმანეთის ამბებს. ტორონტოშია, კარგად არის. მისი ოჯახი კარგად მოეწყო. თავს მშვენივრად გრძნობენ”.
ბელგიელები იტალიაში. ლუკაკუს ყველანი ვიცნობთ. მან უკვე დაამტკიცა, რომ ისევ შეუძლია გაიბრწყინოს. ძალიან ძლიერები არიან ორიჯი და დე კეტლარი.
და ბოლოს. მე ჯერ კიდევ ვსწავლობ კვარაცხელიას.
ზემოთ საუკეთესო ბომბარდირობა ვახსენეთ. მერტენსის შემდეგ 397 თამაშიდან 122 გოლით მოდის ლორენცო ინსინიე, მესამეზეა მარეკ ჰამშეკი 121 (520) და მეოთხეზე დიეგო მარადონა 115 (259).