Harry Maguire, Marcus Rashford of Manchester United in action during a first team training session at Carrington Training Ground on August 17, 2022...„დეილი მეილის” ინფორმაციით „ჩელსი” „მანჩესტერ იუნაიტედის” კაპიტნის ჰარი მაგუაირის შეძენას ფიქრობს. გაზეთი ამბობს, რომ „იუნაიტედში” მაგუაირის მომავალი ბურუსით არის მოცული.

ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი, რომელსაც ერიკ ტენ ჰაგის გუნდში ორშაბათს, „ლივერპულთან” შეხვედრაში ადგილი გარანტირებული არ აქვს „სტემფორდ ბრიჯზე” შეიძლება ხსნად მოევლინოთ. პარალელურად, „ჩელსი” ცდილობს „ლესტერ სიტისგან” 21 წლის ფრანგი ვესლი ფოფანაც იყიდოს.

„დეილი მეილმა” შეიტყო, რომ „ჩელსისა” და „მანჩესტერ იუნაიტედს” შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება სატრანსფერო კომბინაციის თაობაზე, რომლის შედეგადაც მანკუნიანელებს დასავლეთ ლონდონიდან ამერიკელი კრისტიან პულიშიჩი შეუერთდება, სანაცვლოდ კი მაგუაირი ლონდონისკენ აიღებს გეზს.

„იუნაიტედმა” სეზონი ცუდად დაიწყო: 1:2 დამარცხდა „ბრაიტონთან” და 0:4 „ბრენტფორდთან”. გუნდი ცხრილში ბოლო ადგილზეა; ორშაბათს, არც მეტი არც ნაკლები „ლივერპულთან” თამაშობს. მაგუაირს კი, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული აღარ აქვს. მას რაფაელ ვარანი „ავიწროებს”. მართალია, ვარანმა სეზონი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო, მაგრამ ვინ ითამაშებს მერსისაიდელების წინააღმდეგ მაგუაირი თუ ვარანი, ამას ტენ ჰაგი დღეს-ხვალ გადაწყვეტს.

ნურც ის დაგვავიწყდება, რომ წლეულს მსოფლიოს ჩემპიონატია და მაგუაირს პრაქტიკა სჭირდება.

რაც შეეხება ფოფანას, სადღეისოდ „ჩელსის” მთავარი ამოცანა მისი შეძენაა. პარასკევს „სტემფორდ ბრიჯზე” ფრანგის ტრანსფერთან დაკავშირებით ოპტიმისტურად იყვნენ განწყობილნი. ინგლისური გაზეთის ცნობით, „ლესტერმა” ფეხბურთელი „საუთჰემპტონთან” შეხვედრის განაცხადიდან ამოიღო კიდეც.