The midfielder will be behind just Cristiano Ronaldo and David de Gea for wages at Man Utd„სანის” ექსკლუზიური ინფორმაციით, 30 წლის ბრაზილიელი ვარსკვლავი კაზემირო „მანჩესტერ იუნაიტედის” ერთ-ერთი ყველაზე მაღალხელფასიანი ფეხბურთელი გახდება. „ოლდ ტრეფორდზე” გადაბარგება მას ოთხწლიან კონტრაქტსა და კვირაში 350 000 გირვანქას მოუტანს.

კაზემიროზე დიდი ანაზღაურება მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს (480 000 გირვანქა კვირაში) და დავიდ დე ხეას (375 000) ექნებათ.

როგორც გაზეთი ამბობს, „იუნაიტედის” საფეხბურთო საქმეთა დირექტორმა ჯონ მარტოუმ ბოლო ორ დღეში რონალდუს ყოფილი თანაგუნდელისა და „რეალის” ვარსკვლავის გადაბირების საქმე წინ წაწია. კლუბი იმედოვნებს, რომ ორშაბათამდე, როდესაც მანკუნიანელები „ლივერპულს” უნდა ეთამაშონ, კაზემირო მათი გახდება.

გამოცდილი ნახევარმცველის დამატება ორი ტურის მერე ბოლო ადგილზე ჩარჩენილი „იუნაიტედისთვის” წესით დიდი შვება უნდა იყოს.

გულშემატკივრები ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე პასიურობის გამო „მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობას აკრიტიკებდნენ. კლუბმა სულ სამი მოთამაშე დაიმატა: მარცხენა მცველი ტირელ მალასია, ცენტრალური მცველი ლისანდრო მარტინესი და ნახევარმცველი კრისტიან ერიკსენი. მანკუნიანელებს ყველაზე მეტად ფრენკი დე იონგის შეძენა სურდათ, მაგრამ ნახევარმცველმა „ბარსელონაში” დარჩენა ამჯობინა. ჩაიშალა „იუვენტუსიდან” ადრიენ რაბიოს გადაბირების საქმეც. რაბიომ, უფრო სწორედ კი მისმა აგენტმა-დედამ ზედმეტად დიდი გასამრჯელო მოითხოვა.

კაზემირო 2013 წლიდან „რეალის” ფეხბურთელია. მადრიდელებმა ის „სან პაულუსგან” შეიძინეს. „ლოს ბლანკოსის” შემადგენლობაში მან ხუთჯერ მოიგო ჩემპიონთა თასი, სამჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი და სამჯერ კლუბთა მსოფლიო თასს დაეპატრონა.

კაზემიროს, რომელსაც „მანჩესტერ იუნაიტედში” თავისი ყოფილი თანაგუნდელებისგან რონალდუს გარდა რაფაელ ვარანიც დახვდება, ბრაზილიის ნაკრებში 63 შეხვედრა აქვს ჩატარებული.