Warriors eliminate Nuggets with 102-98 win, advance to Western semisნუ იღელვებთ. საქმეს მე მივხედავ. ასეთი იყო სიგნალი, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიამ თავის ახალ გულშემატკივრებს და მთელს იტალიის ჩემპიონატს გაუგზავნა: ის მთავარი გმირი იქნება. ხსენებული მესიჯი მან (სულ რაღაც) 37-ე წუთზე გატანილი თავისი პირველი გოლის ზეიმის დროს გამოაგზავნა — გოლის, რომლითაც სერია A-ში მოინათლა. NBA-ს მოყვარულმა ქართველმა მძინარე ბავშვი გაითამაშა, ისე როგორც ამას „გოლდენ სტეიტის” მოთამაშე სტეფ კარი აკეთებს. ეს ნიშნავს: თქვენ ტკბილად იძინეთ, აქ ყველაფერს მე მოვაგვარებ. და სანამ გძინავთ, კარგი სიზმრები უნდა ნახოთ, რადგან „ნაპოლიმ” „ვერონას” ხუთი გოლი შეუგდო და სეზონი გონგით დაიწყო.

მატჩის გმირი. გოლები გოლებად, მაგრამ ერთი საათის განმავლობაში ეს იყო ბრძოლა, რომელშიც გარდამტეხი როლი კვარამ ითამაშა. მან ოსტატობის გარდა ხასიათი გამოამჟღავნა. გოლი, რომლითაც ლასანიას მიერ გახსნილი ანგარიში გაიქვითა ქართველმა თავით გაიტანა, თავური კი მისთვის ყველაზე მოხერხებული დარტყმა არ არის. ამის მიუხედავად, ლოსანოს მიერ ჩაწოდებულ ბურთს 77-ე ნომერმა დრო ოსიმენზე უფრო ზუსტად შეურჩია. როდესაც ახტა, მან მეურვეს მკლავით შეუშალა ხელი. ეს იყო კარგი გოლი, რომელიც ნამდვილად არ გახლდათ შემთხვევითი, რადგან „ნაპოლის” ახალმა მარცხენაფლანგელმა მანამდეც, პირველ ნახევარ საათში, ორჯერ დაარტყა კარში. და კვარამ განა მარტო ეს შანსი გამოიყენა. მან მეორე ტაიმშიც შესანიშნავად ითამაშა. საქმე ის არის, რომ „ვერონამ” ამასობაში ანგარიში გაქვითა და კვარამ ჟელინსკის ისეთი ვერტიკალური დერეფანი შეუქმნა, რომელსაც მხოლოდ საუკეთესო ფეხბურთელი თუ დაინახავდა: პოლონელმა რბილი შეხებით ბურთი მეკარეს გადაავლო და კარში შეაგდო.

ეს გოლი „ნაპოლის” ფეხბურთელებმა გულშემატკივრის ხმაურში იზეიმეს, სპალეტი ტაშს უკრავდა და ახალ გარემარბზე მიუთითებდა. დიახ, იცოდნენ, რომ ის ძლიერი იყო, მაგრამ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ 21 წლისა ჩემპიონატის შეხვედრაში ასეთ გავლენას მოახდენდა. ეს ბედისწერას ჰგავდა.

პიროვნება. ტექნიკური შესაძლებლობა ეჭვს იმთავითვე არ იწვევდა, მაგრამ ყველას აინტერესებდა, როგორ იმოქმედებდა მის თამაშზე სერია A-ს მცველების სიხისტე. და როდესაც ადრიენ ტამეზემ მატჩის დასაწყისში კვარას ერთი-ორჯერ ბურთი წაართვა, ამას შესაძლოა ის დაეთრგუნა. ჯიუტმა კვარამ დაკარგული ბურთი დაჯარიმების შიშის გარეშე დაიბრუნა. ეს ალბათ ყველაზე მნიშვნეელოვანი რეაქცია იყო, რადგან თამაშის მნიშვნელოვანი მომენტები, თუნდაც ორთაბრძოლის აუცილებლობა ტექნიკურმა ფეხბურთელებმაც უნდა იგრძნონ.

დიდი ინტერესი გამოიწვია მატჩის შემდეგ ოსიმენის ნათქვამმა: „გოლი რომ გაიტანა, კვარამ მითხრა, ახლა შენი ჯერიაო. ასეც მოხდა. ის ახალგაზრდაა და მე უნდა დავეხმარო”. ნიგერიელის სიტყვებში პასუხისმგებლობა იგრძნობოდა. შემდეგ მან დასძინა: „ჩვენ ვიცით, რომ ძლიერები ვართ და გვინდა ეს დავამტკიცოთ”.

„ნაპოლიში” იყო კალიდუ კულიბალის ტოტემი. ახლა ხვიჩა (Khvicha) კვარაცხელიამ დაიწყო, ასე რომ გამარჯვების K-ფაქტორი გრძელდება.

მაურიციო ნიკიტა „ლა გაძეტა დელო სპორტი”