„ლივერპულისთვის” კარგი ამბავი ის არის, რომ შემდეგი თამაში აუტსაიდერ „მანჩესტერ იუნაიტედთან” აქვსო, ხუმრობს „სანი”. თუ ეს ხუმრობაა, რასაკვირველია. სხვა სიტყვებით, მართალია მერსისაიდელებმა ორი შეხვედრიდან ერთიც ვერ მოიგეს, მაგრამ მესამე ტურში მოგების დიდი შანსი აქვთ, რადგან… „იუნაიტედს” ხვდებიან. მერე რა, რომ თამაში „ოლდ ტრეფორდზეა”.

ცუდი ამბავი კი ის გახლავთ, რომ ჩემპიონატის დაწყებიდან ორი ტური გავიდა და „მანჩესტერ სიტის” უკვე 4 ქულით ჩამორჩებიან. და კიდევ, ურუგვაელი თავდამსხმელი დარვინ ნუნიესი შემდეგ სამ შეხვედრაში ვერ დაეხმარებათ, რადგან დისკვალიფიცირებულია. მიზეზი: მან „კრისტალ პალასის” დანიელ მცველს იოაჰიმ ანდერსენს „ურქინა”. ეს მეორე ტაიმის მეათე წუთზე მოხდა.

„ლივერპულმა” პირველ ტურში „ფულემთან” ითამაშა 2:2, მეორე ტურში კი „კრისტალ პალასთან” 1:1.

„კრისტალ პალასთან”, „ენფილდზე”, ანგარიში 32-ე წუთზე კოტ დ’იუვარელმა ვილფრიდ ზაჰამ გახსნა, 61-ე წუთზე კი კოლუმბიელმა ლუის დიასმა გაქვითა.