„ნაპოლიმ” სერია A-ს ახალი ჩემპიონატი ვერონაში 5:2 გამარჯვებით დაიწყო, მაგრამ ნეაპოლელთა კლუბი იტალიაში სეზონს ყოველ წელიწადს იწყებს, აი, ხვიჩა კვარაცხელიასთვის კი ეს თამაში მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონთა ქვეყნაში მართლა პირველი იყო, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. პირველი და საუცხოო: გოლი და საგოლი პასი! – ეს არის, კვარას მონაგარი.

მშვენიერი გოლი და დახატული პასი.

არადა, წინა დღეებში, იტალიურ პრესაში, მავანი ვეტერანები ამბობდნენ, რომ ქართველს ბურთის თრევა და გადაჭარბება უყვარს…

იმ პასით, რომლითაც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა პეტერ ჟელინსკის „ვერონას” კარში მესამე გოლი შეაგდებინა,  საპირისპირო დამტკიცდა.

სასიხარულო იყო ისიც, რომ კვარამ მნიშვნელოვან ეპიზოდებში მიიღო მონაწილეობა: თავიდან ანგარიში გაქვითა (1:1), შემდეგ კი ზემოხსენებული პასით პოლონელს გუნდი წინ გააყვანინა (3:2). მერე „ვერონა” გატყდა.

მეორე ტურში,  კვირას, 21 აგვისტოს, საქართველოს დროით 20 საათსა და 30 წუთზე „ნაპოლი” „მონცას” მასპინძლობს.