Castel di Sangro 05-08-2022-1065ხვალ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი” სერია A-ს ჩემპიონატში ებმება. სტარტის წინ საკუთრივ კლუბის საიტიც კი უპირველეს ყოვლისა იმას უსვამს ხაზს, რომ გუნდი სახეცვლილია, თუმცა მწვრთნელ ლუჩანო სპალეტის მიაჩნია, რომ ეს პრობლემებს არ გამოიწვევს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს გუნდი გულშემატკივარს „ნაპოლის” თავიდან შეაყვარებს”, — თქვა ნეაპოლელთა თავკაცმა „ვერონასთან” შეხვედრის წინა პრეს-კონფერენციაზე.

სპელტიმ განაგრძო: „გასულ სეზონში, როდესაც აქ პირველად მოვედი და კლუბის მეპატრონესა და პრეზიდენტ აურელიო დი ლაურენტისს შევხვდი, მან მითხრა, რომ გუნდი გარდამავალ პერიოდშია. მას უნდოდა დავბრუნებულიყავით ჩემპიონთა ლიგაში, გვეთამაშა კარგი ფეხბურთი და შემადგენლობა გაგვეახალგაზრდავებინა. სამივე ამოცანა შევასრულეთ, რაც კარგ დასაწყისად მიმაჩნია.

ხალხი ბევრს ლაპარაკობს იმაზე, რომ გუნდიდან ფეხბურთელები წავიდნენ. ამბობენ, რომ წავიდა ხალხი, რომელიც ბოლო წლებში „ნაპოლისთვის” მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენდა, მაგრამ ჩვენ ახლებიც დავიმატეთ. დიდი მომავლის მქონე ფეხბურთელები ავიყვანეთ, მიზანი კი კვლავ ძველი გვაქვს: პირველივე ტურიდან კარგ შედეგებს უნდა მივაღწიოთ.

ბედნიერი ვარ ახალი „ნაპოლის” მშენებლობას რომ ვუდგავარ სათავეში. უდიდეს მოტივაციას ვგრძნობ. ვერანაირ გარანტიას ვერ ვიძლევი, მაგრამ ის ვიცი, რომ ყოველ შეხვედრაში მაქსიმალურ მიზანს დავისახავთ”.

კითხვაზე, თუ რას აპირებს სატრანსფერო სეზონის დარჩენილ პერიოდში, სპალეტიმ უპასუხა, რომ ის და კლუბის ხელმძღვანელობა საკითხს ერთნაირად უყურებენ. დარჩენილ ორ კვირაში ახალი ფეხბურთელების ყიდვა-დათვალიერება გაგრძელდება, მაგრამ სადღეისოდ მთავარი ის არის, რომ ჩემპიონატი იწყება და გუნდმა ქულები უნდა მოიპოვოს.

„ზოგადად, ეს ზაფხული სატრანსფერო თვალსაზრისით მშვიდი იყო. არავინ ცდილობს დიდძალი ფული დახარჯოს და ამიტომ, სასარგებლო გარიგებების მომზადებას მეტი დრო სჭირდება”, — თქვა მწვრთნელმა, რომელმაც დასძინა, რომ გადახალისებული შემადგენლობის არ ეშინია. მისი თქმით, გუნდში უმაღლესი დონის მოთამაშეები და უნიჭიერესი ახალგაზრდობა ჰყავს, რომლებიც ჩემპიონთა ლიგაში, უძლიერეს მოწინააღმდეგეებთან ბრძოლაში დიდ გამოცდილებას მიიღებენ.

ახალ ნაყიდ ჯოვანი სიმეონეზე სპალეტიმ თქვა, რომ ეს ის ფეხბურთელია, რომელიც „ნაპოლის” სჭირდებოდა, ხოლო „ნაპოლი” ის კლუბია, რომელიც სჭირდებოდა ჯოვანი სიმეონეს.

ბოლო კითხვა კი ასეთი იყო: — „ვერონასთან” როგორ თამაშს ელოდებით?

„ვერონელები ნებისმიერი გუნდისთვის სახიფათო მეტოქეები არიან. ისინი განსაკუთრებით კარგად იცავენ თავს. ჩვენ მძიმე ბრძოლას ველით”.