Image: Alamy „ბარსელონამ” ერთის გარდა ყველა ახალწვეულის რეგისტრაცია შეძლო. კატალონიური გიგანტი ფინანსურ გასაჭირშია, მაგრამ ექსპერტებისა და გულშემატკივრების გასაკვირად ახალი ფეხბურთელების საყიდელი სახსრები მაინც გამონახა. ასე მაგალითად, 52 მილიონ გირვანქად კლუბმა „ლიდს იუნაიტედისგან” რაფინია შეიძინა, ხოლო 40 მილიონი „ბაიერნს” გადაუხადა რობერტ ლევანდოვსკიში.

ამას დაამატეთ ფრანკ კესიესა და ანდრეას კრისტენსენის თავისუფალი ტრანსფერები. კესიე „მილანში” თამაშობდა, კრისტენსენი „ჩელსიში” იყო.

ახალი კონტრაქტები გააფორმეს ძველმა ფეხბურთელებმა ოსმან დემბელემ და სერხი რობერტომ. კლუბმა მათი რეგისტრირებაც მოახერხა.

და ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც კვლავ არ არის რეგისტრირებული გახლავთ ჟიულ კუნდე. ფრანგი „ბარსამ” „სევილიასგან” იყიდა. მასში 45 მილიონი გირვანქაა გადახდილი, მაგრამ მცველს ჯერჯერობით ტრიბუნაზე მოუწევს ჯდომა. ესპანური მედია წერს, რომ მისი რეგისტრაცია იმაზეა დამოკიდებული, შეძლებს თუ ვერა „ბლაუგრანას” ხელმძღვანელობა კიდევ გაყიდოს რამდენიმე ფეხბურთელი ან შეამციროს ხელფასები.

კუნდეს შეძენით „ჩელსი” იყო დაინტერესებული. თავად ფეხბურთელი ამბობს, რომ ის „კამპ ნოუზე” გადასვლით ბედნიერია და სურს გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად ჩამოყალიბდეს.

„მე „ბარსელონას” ფეხბურთელი გავხდი. ეს ძალიან კარგია, მაგრამ საკმარისი არ არის. მეტი მჭირდება. მინდა ვიყო ამ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და ტიტულები მოვიგო.

ბავშვობაში წაგება მეზიზღებოდა. ეს თვისება ახლაც მაქვს, მაგრამ გონებით საკითხს უკვე სხვანაირად ვუყურებ. მესმის, რომ ხან მოიგებ და ხან დამარცხდები, თავად კი ყველა ვარიანტში სიმშვიდე უნდა შეინარჩუნო”, — თქვა კუნდემ.