ახალი სარაგბო სეზონის სტარტამდე სულ უფრო და უფრო ნაკლები დრო რჩება, ამდენად თითოეული ჩვენთვის საინტერესო ტურნირის პრეზენტაციას მისი სტარტის წინ ცალკე შემოგთავაზებთ, დღეს კი ზოგად მონახაზს გავაკეთებთ.

დიდი 10

საქართველოს ჩემპიონატი 2 სექტემბერს დაიწყება და ოდნავ შეცვლილი სქემით წარიმართება. ლიგიდან პირდაპირ გავარდება ერთბაშად 3 აუტსაიდერი, ვის ადგილსაც პირველი ლიგის ჩემპიონი დაიკავებს, ხოლო დიდი 10-ის მეშვიდეადგილოსანი ქვედა ლიგის მეორეადგილოსანს პლეი-ოფში დაუპირისპირდება, რომლის გამარჯვებულიც ელიტაში დარჩება.

ამ სიახლის ხარჯზე დიდი 10 დიდ 8-დ გადაიქცევა და რაგბის კავშირის ჩანაფიქრით, ამ სვლამ შიდა პირველობის დონე უნდა გაზარდოს.

ტოპ 14

საფრანგეთის ჩემპიონატის მთავარი ლიგა სტარტს 3 სექტემბერს აიღებს და 14-დან 13 კლუბში 3 ათეულზე მეტი ქართველი ლეგიონერი იასპარეზებს.

პრო დ2

მეორე ელიტური ფრანგული ლიგის რეგულარული სეზონი 25 აგვისტოს დაიწყება და ამ ტურნირის 16 მონაწილიდან 15-ში მინიმუმ ერთი ჩვენებური იქნება, სულ კი მათი რიცხვი დღეის მონაცემებით 45 უდრის.

პრემიერშიპი

ინგლისის ჩემპიონატი სტარტს 9 სექტემბერს აიღებს და მისი ერთადერთი ქართველი მონაწილე, ბორჯღალოსანი გიორგი კვესელაძე კვლავაც „გლოსტერის“ ღირსებას დაიცავს.

ჩემპიონთა თასი

ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირი ზამთარში, 9 დეკემბერს დაიწყება და მის მონაწილეთა შორის 8 „ქართული“ (ფრანგული და ინგლისური) კლუბი იქნება.

ჩელენჯ კაპი

რანგით მეორე ევროთასიც 9 დეკემბერს დაიწყება და მასში კი 6 კლუბი იქნება ისეთი, სადაც ქართველები ირიცხებიან.

„რაგბი ევროპის“ სუპერთასი

რუსების მოკვეთის შემდეგ ამ ტურნირის აღმოსავლეთ კონფერენციაში გამოთავისუფლებული 2 ადგილი რუმინულმა ფრენჩაიზმა და საქართველოს ჩემპიონმა „ბათუმმა“ შეავსეს. სწორედ „ბათუმისა“ და სუპერთასის მოქმედი მფლობელის – ასევე ქართული „შავი ლომის“ მატჩით გაიხსნება ტურნირის 2022/23 წლების გათამაშება. ეს მატჩი ბათუმში 11 სექტემბერს გაიმართება.

„რაგბი ევროპის“ ჩემპიონატი

სანაკრებო რაგბზეც უნდა ითქვას: ევროპული რაგბის მამებმა რუსეთის ნაკრების დისკვალიფიკაციით შექმნილი სიცარიელე არათუ შეავსეს – გადაავსეს კიდეც. აუტსაიდერმა ნიდერლანდებმა ელიტაში ადგილი შეინარჩუნა და მასთან, ჩემპიონ საქართველოსთან, რუმინეთთან, ესპანეთთან და პორტუგალიასთან ერთად ახალ ჩემპიონატში ბელგია, პოლონეთი და გერმანიაც იასპარეზებენ. ტურნირის ფორმატი განსაზღვრული ჯერ არაა. მოკლედ, „რაგბი ევროპა“ კვლავაც ძიებაშია, ოღონდ რას ეძებს ეს ორგანიზაცია, არავინ იცის…

ნოემბრის ტესტები

შემოდგომის პირველი ორი თამაში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს სამშობლოში ექნება. 6 ნოემბერს ამერიკის ჩემპიონ ურუგვაის ვმასპინძლობთ, ხოლო 12 ნოემბერს  – სამოას. რომელმაც სულ ახლახან წყნარი ოკეანის თასი ფიჯის, ტონგასა და ავსტრალიის ბ ნაკრებს მოუგო.

ნოემბრის ტესტების გვირგვინი კი 19-ში დაედგმება – კარდიფის „პრინსიპალიტიზე“, იგივე „მილენიუმზე“ უელსისი ნაკრებთან ჯახია! ცხელი ნოემბერი გველის!