ახალი საფეხბურთო სეზონი ოფიციალურად არცთუ სანახაობრივი მატჩით გაიხსნა. უეფას სუპერთასის შეხვედრაში ლამის მოსიარულე „რეალმა“ „აინტრახტი“ 2:0 მშვიდად დაამარცხა, მეხუთედ მოიპოვა ეს პრიზი და რეკორდსმენებს – „ბარსელონას“ და „მილანს“ გაუთანაბრდა.
ნათლად ჩანდა კლასში განსხვავება ჩემპიონთა და ევროპა ლიგის გამარჯვებულებს შორის.
თამაში მართლაც მოსაწყენი გამოვიდა და ამას ჰელსინკის სტადიონის ტრიბუნებზე ხშირი სტვენაც ადასტურებდა. საერთოდ, მსგავს შეხვედრებში გუნდები გახსნილ ფეხბურთს თამაშობენ და გოლებიც ბევრი გადის ხოლმე. თანაც ფინეთის დედაქალაქში ხშირად არ ჩადიან გრანდები და „რეალისგან“ გაცილებით მეტს ელოდნენ. არ გამოვიდა. მხოლოდ ცალკეული აფეთქებები თუ ახსენებდა ყველას, რომ ევროთასის მატჩი იყო.
საუკეთესო მოთამაშე კი მადრიდელი კაზემირო გახდა, რომელიც კლდესავით იდგა დაცვაში და დავიდ ალაბას საგოლედ გადასცა ბურთი.
სამაგიეროდ რეკორდები დამყარდა. თავი თითო ტაიმში ალაბამ და კარიმ ბენზემამ გამოიჩინეს. ფრანგისთვის ეს „სამეფო კლუბის“ მაისურით გატანილი 324-ე გოლი გამოდგა და ამ მაჩვენებლით მან ლეგენდარულ რაულს გადაუსწრო. წინ მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუა 451 ზუსტი დარტყმით.
მადრიდელთა დამრიგებელი, კარლო ანჩელოტი კი ისტორიაში პირველი მწვრთნელი გახდა, ვინც სუპერთასი ოთხჯერ მოიგო – ორჯერ „მილანთან“ (2003, 2007) და ორჯერაც „რეალთან“ ერთად (2014, 2022).
„რეალის“ გერმანელი ნახევარმცველი, ტონი კროოსი პრიზის აბსოლუტური რეკორდსმენია. სუპერთასი მან მეხუთედ ირგუნა. ამისდაკვალად, დანი ალვეშსა და პაოლო მალდინის გადაუსწრო, რომლებსაც პრიზი ოთხ-ოთჯერ მოუგიათ.
დაჯილდოებაც მოკრძალებული გამოდგა. ადვილი წარმოსადგენია რა მოხდებოდა თასი „აინტრახტს“ რომ მოეპოვებინა…
მაგრამ, როგორც ამბობენ, გადამწყვეტ მატჩებს ყოველთვის „რეალი“ იგებს და ახალი სეზონიც მადრიდელებმა რიხიანად დაიწყეს.