Now they must deal with his mother Veronique in the negotiations„მანჩესტერ იუნაიტედს” ადრიენ რაბიოს შეძენა უნდა და ამისათვის მოლაპარაკებებს მართავს… დედამისთან. ანუ, „იუნაიტედი” „იუვენტუსს” გაურიგდა, მხარეებმა 27 წლის ფეხბურთელის ფასი განსაზღვრეს (15 მილიონი გირვანქა) და ახლა საქმე დედასთან არის მოსაგვარებელი.

როგორც „სანი” წერს, ყველაზე რთული სწორედ მადამ ვერონიკ რაბიოსთან შეთანხმებაა. მას, როგორც ყოველთვის, მთელი რიგი მოთხოვნები აქვს.

ქალბატონი რაბიო ყოველთვის აქტიურად ერეოდა შვილის ცხოვრებაში, ხვდებოდა კლუბების სპორტულ დირექტორებს, მწვრთნელებს, კატეგორიულად ითხოვდა ვარჯიშებზე დასწრებას. ახლა, როდესაც „იუნაიტედს” ჯერ კიდევ არ უყიდია მისთვის სასურველი ყველა მოთამაშე და ვერონიკი გრძნობს, რომ ხელში კოზირი უჭირავს, ინგლისური კლუბის წარმომადგენლებს სავარაუდოდ ბლენდერში გაატარებს. მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ პრემიერლიგის პირველ ტურში „იუნაიტედმა” „ბრაიტონთან” 1:2 წააგო, რის გამოც რიხიანად მოლაპარაკებათა მაგიდასთანაც ვერ ზის.

ვერონიკ რაბიო კი ის ქალია, რომელიც პირველი პროფესიული კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ვაჟთან ანუ მის მაშინდელ გუნდ „პარი სენ ჟერმენთან” ერთად სეზონისწინა შეკრებაზე ითხოვდა გამგზავრებას. შემდეგ, დრო რომ გავიდა და ხელფასთან დაკავშირებული დავის გამო ადრიენი სარეზერვო გუნდში გადაიყვანეს, დედამ კონფლიქტის ამბავი მთელს ფრანგულ მას-მედიას მოსდო. სკანდალი შექმნა.

„ჩემი შვილი კლუბს მძევლად ჰყავს აყვანილი, — ამბობდა ვერონიკი, — მალე მას ციხეში ჩასვამენ და პურსა და წყალზე გადაატარებენ”.

2018 წელს დედა ვერონიკმა ჩაშალა რაბიოს გადასვლა „ტოტენჰემ ჰოთსპურში”. მიზეზი: მეტი ხელფასი უნდოდა.

„მანჩესტერ იუნაიტედს” კი რაბიოს შეძენა მას მერე მოუნდა, რაც შეატყო, რომ „ბარსელონადან” ფრენკი დე იონგის გადაბირების საქმეს კარგი პირი არ უჩანს.