ოდესღაც ძლევამოსილი „მანჩესტერ იუნაიტედი” უცნაური ამბების პოლიგონად იქცა. დავიწყოთ იმით, რომ ლეგენდარული მწვრთნელის სერ ალექს ფერგიუსონის შემდეგ, კლუბმა რამდენი თავკაციც გამოიცვალა, იმდენს მოეცარა ხელი. აგერ, გუშინაც, ერიკ ტენ ჰაგმა „ოლდ ტრეფორდზე” თავისი მოღვაწეობა „ბრაიტონთან” 1:2 წაგებით დაიწყო და მატჩის შემდეგ, პრეს-კონფერენციაზე თქვა, საქმეების ერთ დღეში გამოსწორებას ნურავინ ელითო.

ტრიბუნაზე კი მაყურებელმა იჩხუბა. თან, მანჩესტერელები ბრაიტონელებს კი არ დაერივნენ, არამედ ერთმანეთს უთავაზეს.  სამხრეთ ტრიბუნაზე მომხდარ ამბავი ცხადია ვიდეოზეც აღბეჭდეს და ამ ჩანაწერის მოკლე ვერსიას ქვემოთ გთავაზობთ. მედია წერს, გაუგებარია ქომაგებმა რატომ იჩხუბესო, მაგრამ ერთი ფაქტია, „მანჩესტერ იუნაიტედს” საქმე კარგად რომ მისდიოდეს, მისი ქომაგები სავარაუდოდ ერთმანეთს ხელს გადახვევდნენ და სიმღერას შემოსძახებდნენ.

ტენ ჰაგს პირველ ტურში რასაკვირველია ტონის მიმცემი გამარჯვება სჭირდებოდა, მაგრამ ფიასკო მოუვიდა. პასკალ გროსის მიერ გატანილ ორ გოლს (30-ე და 39-ე წუთები) „იუნაიტედმა” მეორე ტაიმში ერთით უპასუხა. ისიც ბრაიტონელმა არგენტინელმა ალექსის მაკ ალისტერმა მოუხერხებელი მოძრაობით თავის კარში შეაგდო.

ტენ ჰაგმა მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ მოედანზე მხოლოდ 53-ე წუთზე შეიყვანა.

„იუნაიტედის” ფანებს ჯერ გასულ სეზონში, „ფალმერ სთედიუმზე”, იმავე „ამერიკან ექსპრეს სთედიუმზე” წაგებული 0:4 არ ჰქონდათ მონელებული. ახლა გამოდის, რომ „ბრაიტონი” მათ ნაქებ გუნდს ყველგან უგებს.

„ეს ჯოჯოხეთური სამუშაოა. ჩვენ ძალიან ბევრი მუშაობა დაგვჭირდება. დრო არ გვაქვს, შედეგი მალე უნდა ვაჩვენოთ,” — თქვა ტენ ჰაგმა პრესკონფერენციაზე.