No description available.ქართველი მორაგბე ლეგიონერებისთვის გასული ევროსეზონი იშვიათად ხვავრიელი გამოდგა. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ჩვენებურები საფრანგეთის ჩემპიონები გახდნენ, კერძოდ, ამ მწვერვალს ბორჯღალოსნები მიხეილ ნარიაშვილი და გელა აფრასიძე შეწვდნენ თავიანთ „მონპელიესთან“ ერთად.

საერთაშორისო არენაზე კი ორმა ისეთმა კლუბმა ისახელა თავი, რომლებშიც ასევე თამაშობენ ქართველები. ჩემპიონთა თასის მფლობელი ისტორიაში პირველად გახდა ფრანგული „ლა როშელი“, რომლის ღირსებასაც გასულ სეზონში ბორჯღალოსანი ბურჯი გურამ პაპიძე იცავდა, ხოლო რანგით მეორე ევროთასს – ჩელენჯ კაპს – ასევე პირველად და ასევე ფრანგული „ლიონი“ დაეუფლა და ამ წარმატებაში საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანეს ბექა საღინაძემ და განსაკუთრებით დავით ნინიაშვილმა.

ქართველმა ვუნდერკინდმა გადამწყვეტი,  ფინალური მატჩი უმაღლეს დონეზე ჩაატარა და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა. სულ კი დათუნამ გათამაშების 8 მატჩიდან 6-ში მიიღო მონაწილეობა და 3 ლელოც მიითვალა. ორივე მაჩვენებელი საუკეთესოა საკმაოდ მრავალრიცხოვან ქართულ ლეგიონში.

საინტერესოა, რომ ჩემპიონთა თასზე 8 ქართველმა მორაგბემ ითამაშა,  მათ შორის – 7-მა ბურჯმა და ერთმა 9 ნომერმა. ყველაზე მეტი მატჩი გურამ გოგიჩაშვილმა (რასინგ-92) და გელა აფრასიძემ ჩაატარეს – 5-5, ქართული ლელო კი მთავარი ევროთასის გასულ გათამაშებაში არ დაფიქსირებულა.

No description available.აი, ჩელენჯ კაპი კი ჩვენებურთათვის მეტად შედეგიანი გამოდგა ინდივიდუალური სტატისტიკის თვალსაზრისით. აქ 15-მა ქართველმა ითამაშა და ლელოებიც ბლომად დაიდო. ნინიაშვილის 3 ლელოს გარდა თავი თითოჯერ გამოიჩინეს ბექა გიგაშვილმა, უშანგი ჭეიშვილმა, თორნიკე ჯალაღონიამ,  ლუკა ჯაფარიძემ და თედო აბჟანდაძემ, რაც ჯამში 8 ქართულ ლელოს გვაძლევს!

2022-2023 წლების საევროთასო სეზონი სტარტს დეკემბერში აიღებს და სიახლე კი ის იქნება, რომ მასში პირველად მიიღებს მონაწილეობას არაევროპული კლუბი, თანაც ერთბაშად რამდენიმე. საქმე ის გახლავთ, რომ ყოფილ კელტთა ლიგაში, რომელსაც დღეს „რაგბის გაერთიანებული ჩემპიონატი“ ჰქვია, სამხრეთაფრიკული ფრენჩაიზები გამეფდნენ და შესაბამისად ევროთასებშიც ისინიც მიიღებენ მონაწილეობას.

ქვემოთ კი გთავაზობთ 2021- 2022 წლების გათამაშებების ქართველ მონაწილეთა სრულ ჩამონათვალს.

ჩემპიონთა თასი:

ლა როშელი: გურამ პაპიძე (4 მატჩი).

რასინგ-92: გურამ გოგიჩაშვილი (5 მატჩი).

მონპელიე: მიხეილ ნარიაშვილი (2 მატჩი),  გელა აფრასიძე (5 მატჩი).

სტად ფრანსე: ვასილ კაკოვინი (3 მატჩი), გიორგი მელიქიძე (2 მატჩი).

ბორდო: ლექსო ყაულაშვილი (2 მატჩი), ლაშა ტაბიძე (1 მატჩი).

 

ჩელენჯ კაპი:

ლიონი: ბექა საღინაძე  (4 მატჩი), დავით ნინიაშვილი (6 მატჩი, 3 ლელო).

ტულონი: ბექა გიგაშვილი (5 მატჩი, 1 ლელო).

გლოსტერი:  გიორგი კვესელაძე (3 მატჩი, 1 სინბინი).

ბიარიცი: უშანგი ჭეიშვილი (4 მატჩი, 1 ლელო),  გიორგი ნუცუბიძე (1 მატჩი), ლუკა აზარიაშვილი (2 მატჩი), ვახტანგ ახობაძე (2 მატჩი), თორნიკე ჯალაღონია (1 მატჩი, 1 ლელო).

ბრივი: ლუკა ჯაფარიძე (1 მატჩი, 1 ლელო), სოსო ბეკოშვილი (2 მატჩი), ვანო კარკაძე (2 მატჩი), ოთარ გიორგაძე (2 მატჩი), თედო აბჟანდაძე (3 მატჩი, 1 ლელო).

პერპინიანი: ვახტანგ ჯინჭარაძე (1 მატჩი)