Chelsea's cursed No 9 shirt in numbers„ჩელსის” თავკაცმა თომას ტუხელმა განაცხადა, რომ მათ გუნდში ცხრა ნომრიანი მაისურა დაწყევლილია და მისი ჩაცმა არავის უნდა. დასავლეთ ლონდონელები ახალ პრემიერლიგურ ორომტრიალში დღეს ებმებიან. ისინი ლივერპულში „ევერტონს” უნდა შეხვდნენ, მაგრამ ცენტრალური თავდამსხმელის კლასიკური მაისურისა და კაცმა რომ თქვას, თავად ნომინალური ცენტრალური თავდამსხმელის გარეშე.

ბოლო ცნობილი ფეხბურთელი, ვინც „ჩელსიში” ცხრანომრიანი მაისურით თამაში გაბედა, გახლდათ 97,5 მილიონ გირვანქად ნაყიდი რომელუ ლუკაკუ, რომელსაც ხელი მოეცარა და „ინტერში” დაბრუნდა.

რომან აბრამოვიჩის 19-წლიანი მმართველობის პერიოდში შვიდმა ვარსკვლავმა მოირგო მაისურა, რომელსაც ზურგზე ცხრიანი ეწერა და ყველა ჩაფლავდა. ესენია: ფერნანდო ტორესი, ალვარო მორატა, გონსალო იგუაინი, რადამელ ფალკაო, ერნან კრესპო და მატეია კეჟმანი.

ტუხელი: „დაწყევლილია, მართლა დაწყევლილია. ხალხმა მითხრა ამის შესახებ. არ გეგონოთ, რომ ცხრა ნომრიან მაისურს ვინმეს ტაქტიკური მოსაზრების გამო არ ვაძლევთ. ხომ ხდება, მოთამაშეებს ნომრების გამოცვლა რომ უნდათ. ასეთ დროს ცხრა ნომრისთვის იბრძვიან ხოლმე, ჩვენთან კი საოცარი რამ მოხდა, ცხრა ნომერს არავინ მიეკარა. ყველა, ვინც „ჩელსიში” ჩემზე დიდხანს მუშაობს, მიყვება ისტორიებს, როგორც ჩაიცვა მავანმა და მავანმა ცხრანომრიანი მაისურა და გოლები ვეღარ გაიტანა.

ამრიგად, დღეს დაგვიდგა მომენტი, როდესაც ცხრა ნომრისთვის ხელის მოკიდება არავის უნდა. მე პირადად ცრუმორწმუნე ვარ და ბიჭების მესმის.

სხვა მხრივ კი იმედი გვაქვს, რომ შეტევაში რაჰიმ სტერლინგი დაგვეხმარება. მისი მეშვეობით ჩვენ მეტოქის საჯარიმოში მეტ სახიფათო მომენტს შევქმნით და კომბინაციების რაოდენობას გავზრდით”.

ინგლისური პრესა ამახვილებს ყურადღებას, რომ „მანჩესტერ სიტიმ” ერლინგ ჰოლანდი იყიდა, „ლივერპულმა” — დარვინ ნუნიესი, „ჩელსის” კი გამოკვეთილი ცენტრალური თავდამსხმელი არ შეუძენია. კაი ჰავერციცა და 47,5 მილიონ გირვანქად შეძენილი სტერლინგიც უფრო ცრუ ცხრა ნომრები არიან.

თუმცა, არის 20 წლის ალბანელი თავდამსხმელი არმანდო ბროია, რომელიც „საუთჰემპტონში” ჰყავდათ იჯარით გაშვებული, ახლა კი დაბრუნდა და ვინ იცის ძირითადი შემადგენლობისკენ გაიკაფოს გზა.