დღეს, „ბარსელონაში” ჩავი 33 ფეხბურთელთან მუშაობს, ლა ლიგა კი განაცხადში 25 კაცის შეყვანის უფლებას იძლევა. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ კლუბი ზედმეტ ფეხბურთელებს არ გაუშვებს, ხელფასებთან დაკავშირებულ არეულობას მაისურებთან დაკავშირებული არეულობაც დაემატება — მოთამაშეთა მთელი ჯგუფი ნომრების გარეშე დარჩება.
ფეხბურთელების სიჭარბის პრობლემა აშკარაა და ამ ხალხს შეგიძლიათ დაამატოთ კიდევ ორი კაცი, რომელთა გადაბირებაც „ბარსელონას” დირექტორატს მიზნად აქვს დასახული — ლაპარაკია სესარ ასპილიკუეტასა და მარკოს ალონსოზე. ნურც ბერნარდო სილვას შეძენის ვარიანტს გამორიცხავთ.
მიმდინარე ზაფხულში „ბარსას” სატრანსფერო საქმე კარგად მიდის, მაგრამ მხოლოდ ყიდვის ნაწილში. „კამპ ნოუზე” მივიდნენ ანდრეას კრისტენსენი, ფრანკ კესიე, რაფინია, რობერტ ლევანდოვსკი და ჟიულ კუნდე, მაგრამ ზედმეტი ხალხის თავიდან მოცილების მხრივ საქმე არც ისე კარგად არის. არადა, საამისოდ ათიოდ დღეა დარჩენილი.
იმ მოთამაშეთაგან, რომლებიც ჩავიმ მაისში დაასახელა, წასვლაზე თანახმა მხოლოდ სამი აღმოჩნდა: კლემენტ ლენგლე, რომელიც იჯარით „ტოტენჰემის” გზას გაუდგა, „ლოს ანჯელეს გალაქსის” მომავალი ფეხბურთელი რიკი პუჩი და ოსკარ მინგუესა, რომელიც ამიერიდან „სელტას” გააძლიერებს. დანარჩენებს უჯობთ „ბარსელონას” ჩაებღაუჭონ, რადგან იქ კარგი ხელფასები ეკუთვნით.