During the 2018 World Cup, Xhaka was fined by FIFA for making a hand gesture to represent the Albanian national symbol of an eagleგახსოვთ, გამოძიება გრანიტ ჯაკას გაფრთხილებასთან დაკავშირებით? ეს გასულ სეზონში, „არსენალისა” და „ლიდსის” შეხვედრაში მოხდა. და აი, გამომძიებლებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ ამ ყვითელი ბარათის კვალს ალბანურ მაფიასთან მივყავართ.

გაფრთხილების გარშემო რაღაც პატიოსნად რომ არ იყო, თავდაპირველად იმიტომ იფიქრეს, რომ „ელანდ როუდზე” გამართული შეხვედრის („არსენალმა” 4:1 მოიგო) მიწურულს ტოტალიზატორებში შევიდა 52 000 გირვანქა. მავანნი ფსონს ჩამოდიოდნენ, რომ ჯაკა ბოლო 10 წუთში ყვითელ ბარათს მიიღებდა და მართლაც ასე მოხდა. 86-ე წუთზე სრულიად უმტკივნეულო სიტუაციაში, მოედნის სიღრმეში დაინიშნა ჯარიმა, რომელიც ჯაკამ მანამდე არ გაათამაშა, სანამ მსაჯმა ანდრე მარინერმა დროის გაყვანისთვის ყვითელი ბარათი არ ამოუღო. არადა, გუნდს, რომელიც დიდი ანგარიშით იგებდა დროის გაყვანა არაფრად სჭირდებოდა.

ეროვნული კრიმინალური სააგენტოს გამომძიებლებმა აღმოაჩინეს, რომ დროის ხსენებულ მონაკვეთში ბაზრებზე, რომელთაც დიდი ბრიტანეთი არ არეგულირებს, დაიდო დიდძალი თანხები კრიპტოვალუტაში. როგორც ირკვევა, ეს ამბავი მეტწილად ალბანეთში მოხდა.

საინტერესოა, რომ ჯაკას ყვითელ ბარათზე გვარიანი თანხა დაუდია შვედურ-ალბანური წარმოშობის ყოფილ თავდამსხმელ ალბან იუსუფის, რომელიც  შვედეთის სასამართლომ 2017 წელს ხუთი წლით მოკვეთა ფეხბურთიდან. მიზეზი ის გახლდათ, რომ იუსუფიმ აიკ-ისა და „გოტენბურგის” (სხვანაირად გიოტებორგსაც ეძახიან) შეხვედრაში აიკ-ის მეკარე კირიაკოს სტამატოპულოსი მოქრთამა — გოლების გაშვებაში 150 000 ევრო მისცა. ის შეხვედრა შვედეთის ფეხბურთის ფედერაციამ გადადო, რადგან ხმა ფარული გარიგებების შესახებ მყისიერად დაირხა.

ჯაკა, რომელიც დღემდე „არსენალის” ფეხბურთელია, შვეიცარიაში, ბაზელში გახლავთ დაბადებული, მაგრამ წარმოშობით ალბანელია. მისი უფროსი ძმა ტაულანტი სულაც ალბანეთის ნაკრებში თამაშობდა, 31 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

გრანიტ ჯაკას შვეიცარიის ნაკრების შემადგენლობაში 104 შეხვედრაში 12 გოლი აქვს გატანილი.