ინგლისში გამოვიდა დოკუმენტური სერიალი „არსენალის” შესახებ, რომელსაც ჰქვია „ყველაფერი ან არაფერი”. მის ერთ-ერთ ეპიზოდში ნაჩვენებია, თუ როგორც აკვრევინებს ვარჯიშზე „მეთოფეთა” მწვრთნელი მიკელ არტეტა „ლივერპულის” ჰიმნად შერაცხულ სიმღერას You’ll Never Walk Alone (შენ არასდროს ივლი მარტო). ადვილი მისახვედრია, რომ ეს „ენფილდ როუდზე” თამაშის წინ ხდება.

„ლივერპულთან” დაპირისპირება ყოველთვის ძალიან ძნელია, განსაკუთრებით თუ მატჩი მის სტადიონზე ტარდება. ერთხელ თვით არსენ ვენგერმა თქვა, რომ ჩემპიონთა ლიგაში მერსისაიდელთა წარმატებების საიდუმლო სწორედ ჯადოსნური „ენფილდია”, რომელსაც თუ არ იცნობ, შეიძლება დაითრგუნო.

შეხვედრა, რომლისთვისაც „არსენალი” ასეთი ორიგინალური მეთოდით მოემზადა, „ლივერპულმა” 4:0 მოიგო. გოლები გაიტანეს სადიო მანემ, დიოგო ჟოტამ, მოჰამედ სალაჰმა და ტაკუმი მინამინომ.

საინტერესოა, რომ „ლივერპულის” მოწინააღმდეგეთა ფანები ხშირად ამბობენ, რომ „ენფილდის” ატმოსფერო მსოფლიოში ყველაზე გაზვიადებული მოვლენაა, მაგრამ… ფაქტია, რომ მის ვაქცინას დღემდე ეძებენ.