საქართველოს ქალთა ნაკრები ოლიმპიადას ისევ ქულა დაუკარგავად აგრძელებს. მე-5 ტურში ჩვენებმა მასპინძელთა მეორე ნაკრები 3:1 დაამარცხეს. პარტიები მოიგეს ლელა ჯავახიშვილმა და მერი არაბიძემ, ხოლო ნანა ძაგნიძე და ნინო ბაციაშვილი მეტოქეებს ყაიმზე შეუთანხმდნენ.
5 ტურის შემდეგ საქართველოს ქალთა ნაკრებს 5 მოგება აქვს და ინდოეთის პირველ და რუმინეთის ნაკრებ გუნდებთან ერთად 1-3 ადგილებს იყოფს. 9-9 ქულა აქვთ უკრაინას, აზერბაიჯანსა და ყაზახეთს.
მეექვსე ტურში ჩვენებს ოლიმპიადის ერთ-ერთი მთავარი მატჩი ელით – მასპინძელ ინდოეთის ნაკრებთან.
ვაჟთა ნაკრების მეტოქე პარაგვაის ნაკრები იყო და ჩვენებმა დამაჯერებლად იმარჯვეს – 3.5:0.5. ბაადურ ჯობავამ, ლუკა პაიჭაძემ და ლევან ფანცულაიამ მომგებიანი პარტიები ჩაატარეს, ხოლო მიხეილ მჭედლიშვილმა შეხვედრა ყაიმით დაასრულა.
ტურნირს 10-10 ქულით ინდოეთის მეორე გუნდი და სომხეთი ლიდერობენ; 9-9 ქულა აქვთ – ინდოეთის პირველ, ამერიკის, კუბის, ირანისა და უზბეკეთის ნაკრებებს. შემდეგ 8 ქულით ჩვენები არიან, საკმაოდ დიდ ჯგუფთან ერთად.
მეექვსე ტურში საქართველო ნიდერლანდებს ეთამაშება.