ინდოეთში მიმდინარე საჭადრაკო ოლიმპიადაზე ორი ტურის შემდეგ ჩვენი ქალთა და ვაჟთა ნაკრებები ლიდერთა შორის იყვნენ… ქალებმა ეს სტატუსი შეინარჩუნეს, ხოლო ვაჟებმა პირველი მარცხი იწვნიეს.

ქალთა გუნდი ტურნირზე მესამე ნომრად არის განთესილი და მეტოქედ სუსტი ჩეხეთი ჰყავდა, თუმც მძიმე ბრძოლის გადატანა მოუხდა: ნანა ძაგნიძე და სალომე მელია შავი ფიგურებით იულია მოვსესიანსა და კაროლინა პილსოვას დაუზავდნენ, ხოლო ნინო ბაციაშვილმა თეთრებით იოანა ვორეკს მოუგო. გადამწყვეტი გამოდგა მერი არაბიძისა და ანა მარია კოუბოვას პარტია. ჩვენებური ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდა, მაგრამ ბოლომდე იბრძოლა და ხელი ყაიმს გამოკრა – 2.5:1.5.

ვაჟები პირველ ნომრად განთესილ ამერიკელებს შეერკინნენ. ბაადურ ჯობავამ თეთრებით ყაიმი ითამაშა მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს მოჭადრაკე ფაბიანო კარუანასთან, ხოლო ლევან ფანცულაია ასევე თეთრებით პერეს დომინგეს დაუზავდა. შავი ფიგურებით მოთამაშე მიხეილ მჭედლიშვილმა და თამაზ გელაშვილმა კი, ლევონ არონიანთან და სამ შანკლადთან წააგეს – 1:3.