Darwin Nunez comes off the bench to score„ლივერპულმა” „მანჩესტერ სიტის” 3:1 მოუგო და ისტორიაში მეთექვსმეტედ დაეუფლა „ქომუნითი შილდს” ანუ ინგლისის სუპერთასს. თამაში ლესტერში „კინგ ფაუერ სთედიუმზე” გაიმართა. მერსისაიდელთაგან გოლები გაიტანეს ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა, მოჰამედ სალაჰმა და ახალწვეულმა დარვინ ნუნიესმა — ინგლისში სეზონი გაიხსნა.

ზაფხულში ორივე გუნდმა შეიძინა ახალი ფეხბურთელები, ტრანსფერებში ფული არც ერთს დაუნანია და არც მეორეს, მაგრამ სასტარტო შემადგენლობებში ახალ შენაძენთაგან მხოლოდ „სიტის” მიერ 51 მილიონ გირვანქად ნაყიდი ნორვეგიელი ერლინგ ჰოლანდი იყო. ბუნებრივია ჰოლანდი ყურადღების ცენტრში მოექცა, მაგრამ შოუ ძველმა გვარდიამ წაიყვანა — პირველი სახიფათო მომენტი სალაჰმა შექმნა, როდესაც ბადეს გარედან გაარტყა ბურთი. ეს იყო მანჩესტერელთა დაცვის პირველი გამოცდა, მომდევნო გამოცდას კი ჩაჭრა მოჰყვა — იმავე სალაჰის პასით ალექსანდერ არნოლდმა ბურთი მეტოქის კარში ჩაახუჭუჭა.

„სიტი”, გასულ სეზონში ყველა შეჯიბრებაში ერთად 150 გოლის ავტორი, ცხადია თავის წილ სახიფათო მომენტებს შექმნიდა და მართლაც, ჰოლანდს შესვენებამდე ორი ხელსაყრელი ეპიზოდი ჰქონდა. პირველში 22 წლის თავდამსხმელს მეკარე ადრიანმა აუღო, მეორეში კი მისი დარტყმული მიზანს აცდა.

შესვენების შემდეგ რიად მაჰრეზს მიეცა ანგარიშის გაქვითვის ჩინებული შესაძლებლობა, მაგრამ ალჟირელმა ვერ იყოჩაღა და მისი დარტყმული კვლავ ადრიანის ლუკმა გახდა. ჰოლანდი შემყურე იურგენ კლოპმაც გადაწყვიტა თავადაც მოეწონებინა თავი ახალწვეულით და მოედანზე ნუნიესი შეუშვა. თავის მხრივ პეპ გვარდიოლამ ხულიან ალვარესი გამოაჩინა და ორივემ გოლი შეაგდო. თავიდან ნუნიესი მეკარესთან პირისპირ შევიდა, მაგრამ „სიტის” მეკარე ედერსონს ვერ აჯობა.

თამაშის დამთავრებამდე 20 წუთით ადრე ალვარესმა გაქვითა. მან ფილ ფოდენის მცდელობა ბურთის კარის ხაზს მიღმა შეტენით დაასრულა. VAR-მა კარგა ხანს ამოწმა იყო თუ არა ამ ეპიზოდში თამაშგარე და საბოლოოდ გოლი ჩათვალა.

საფინალო სასტვენამდე 8 წუთით ადრე „ლივერპული” კიდევ ერთხელ დაწინაურდა, ამჯერად პენალტით. თერთმეტმეტრიანი იმიტომ დაინიშნა, რომ ნუნიესის დარტყმული რუბენ დიასს ხელში მოხვდა. თეთრი წერტილიდან როგორც ყოველთვის მშვიდმა სალაჰმა გაიტანა.

ბოლოს, ნუნიესმა ახლო მანძილიდან თავისი პირველი ინგლისური გოლი შეაგდო. გაიმარჯვა „ლივერპულმა”, რომლისთვისაც ეს 2006 წლის შემდეგ პირველი გამარჯვება იყო „ქომუთი შილდზე”.