ორი წაგებული ფინალის შემდეგ ინგლისელმა ქალებმა, როგორც იქნა, ევროპის ჩემპიონატი მოიგეს. „უემბლიზე“ ძუ ლომებმა, ალბათ, ყველაზე საძულველი მეტოქე, გერმანია დამატებით დროში 2:1 დაამარცხეს და სიხარულით მეცხრე ცას ეწივნენ… ინგლისის მწვრთნელი სარინა ვიგმანი კი ზედიზედ მეორედ გახდა კონტინენტის ჩემპიონი – 2017 წელს მან ნიდერლანდების ნაკრები მიიყვანა ევროპის ჩემპიონობამდე.

ზედ ფინალური მატჩის წინ, მოთელვისას, გერმანელებს ლიდერი, კაპიტანი, გუნდის სული და გული ალექსანდრა პოპი დაუშავდათ. ის მთელი ჩემპიონატის გამორჩეული ფეხბურთელი გახლდათ, თუმც ბედის უკუღმართობით ფინალის გამოტოვებამ მოუწია.

ინგლისი მეორე ტაიმის შუისკენ ელლა ტონმა დააწინაურა, როცა პირისპირ დარჩენილმა მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო. გერმანია კი რის გერმანია იქნებოდა, ანგარიშს შეგუებოდა – მალევე ლინა მაგულიმ შეძლო გათანაბრება და აქით-იქეთა კართან ბევრი მცდელობის მიუხედავად თამაში დამატებით დროში გადავიდა.

შეხვედრა ორმხრივი შეტევებით კი განახლდა, მაგრამ მაინც, ჩანდა, რომ მატჩის ბოლო პენალტები იქნებოდა… მოულოდნელად კი გერმანელთა საჯარიმოში შექმნილი არეულობით შოლ კელიმ ისარგებლა და ინგლისს ნაინანატრი ტიტული მოუტანა…

გერმანელებმა კი მეცხრე ფინალი ითამაშეს და პირველად წააგეს…