სერ ალექს ფერგიუსონი „მანჩესტერ იუნაიტედში” მმართველობის წევრად დაბრუნდა. კლუბმა გადაწყვიტა 80 წლის ლეგენდარული მწვრთნელი ოფიციალურ თანამდებობაზე აეყვანა. იდეა აღმასრულებელ შეფ რიჩარდ არნოლდს ეკუთვნის, რომელმაც შექმნა ანალიტიკური ცენტრი, რომლის რჩევებსაც კლუბის დირექტორატი გაითვალისწინებს. „დეილი მეილი” წერს, რომ ცენტრში ფერგიუსონის გარდა იქნებიან გუნდის ყოფილი კაპიტანი ბრაიან რობსონი, ოდინდელი აღმასრულებელი შეფი დევიდ გილი, მოქმედი დირექტორი ჯონ მარტო და თავად არნოლდი. ეს ხუთი კაცი ერთმანეთს რეგულარულად შეხვდება და საჭირბოროტო საკითხებზე იმსჯელებს.
სერ ალექსი „იუნაიტედის” შეფებს სამშაბათს ელაპარაკა. ეს ის დღეა, როდესაც მანჩესტერში დაბრუნდა და ქერინგტონის საწვრთნელ ბაზაზე თავისი საკითხების მოსაგვარებლად მივიდა კრიშრიანუ რონალდუც. ის, როგორც მოგეხსენებათ, ამ ზაფხულში გუნდს არ შეერთებია.
არნოლდის მცდელობა კლუბის საქმიანობაში რამენაირად ჩართოს მწვრთნელი, რომლის ხელმძღვანელობითაც „მანჩესტერ იუნაიტედმა” 38 ტიტული, მათ შორის პრემიერლიგის ცამეტგზის ჩემპიონობა მოიპოვა, გასაგებია. როგორც ამბობენ, ერთ-ერთი უპირველესი საკითხი, რომელსაც ხუთეული განიხილავს, იქნება ქერინგტონის ბაზისა და „ოლდ ტრეფორდის” შემდგომი განვითარება. კლუბს მნიშვნელოვან თემად მიაჩნია გულშემატკივრებთან ურთიერთობაც. ცხადია იმსჯელებენ საფეხბურთო საკითხებზეც.
როგორც ცნობილია სერ ალექსი აქამდეც იყო „იუნაიტედის” არა-აღმასრულებელი დირექტორი, მაგრამ მისი ფუნქცია ფორმალური გახლდათ. ამიერიდან ფერგის სიტყვა მხოლოდ ავტორიტეტზე აღარ იქნება დამოკიდებული.





