„სანის” ექსკლუზიური ინფორმაციით კრიშტიანუ რონალდუმ „მანჩესტერ იუნაიტედს” მისი რეალური ფასის განსაზღვრა სთხოვა. თურმე არსებობს კლუბი (სავარაუდოდ, პრემიერლიგიდან), რომელიც მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელს მასთან გადასვლას სთავაზობს და არც ჯიბეზე ხელის გაკვრისგან იხევს უკან. რამდენიმე დღის წინ ამ საკითხზე „ოლდ ტრეფორდის” შეფებთან რონალდუს აგენტმა ჟორჟე მენდეშმა ილაპარაკა, მაგრამ შეფები უარზე დადგნენ.
მენდეშმა „იუნაიტედს” რონალდუს სანაცვლოდ კარგი ფულის გაკეთება შესთავაზა. მან კლუბის დირექტორებს უთხრა, რომ მაგიდაზე რეალური წინადადება უდევს, მათგან კი მხოლოდ ფასის დასახელებაა საჭირო. როგორც გითხარით, მანკუნიანელთა ხელმძღვანელობამ პასუხად თქვა, რომ პორტუგალიელი თავად სჭირდება. ფეხბურთელის ერთგულებისა და დამსახურების გათვალისწინებასა და მის უფასოდ გაშვებაზე ცხადია, ლაპარაკიც არ არის.
რონალდუსა და „მანჩესტერ იუნაიტედის” მოქმედი ხელშეკრულების თანახმად თავდამსხმელმა „ოლდ ტრეფორდზე” ერთი წელიწადი კიდევ უნდა გაატაროს, შემდეგ კი კლუბს უფლება აქვს ფეხბურთელს კიდევ ერთი სეზონით შესთავაზოს კონტრაქტის გაგრძელება.
დღეს, როდესაც პრემიერლიგის ახალი ჩემპიონატის დაწყებამდე ცოტაღა დარჩა და „იუნაიტედმა” „ბრაიტონს” სულ რაღაც ცხრა დღეში უნდა უმასპინძლოს, ჩიხური სიტუაციაა შექმნილი. გულშემატკივრების გამოკითხვამ აჩვენა, რომ მათი 91 პროცენტი პორტუგალიელის ახლავე გაშვების მომხრეა.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუმ ოჯახური პრობლემების მომიზეზებით მთელი სეზონისწინა შეკრება გამოტოვა. სავარაუდოდ, ის არც დარჩენილ ამხანაგურ შეხვედრებში ითამაშებს.